კრწანისის რაიონში ორი ახალი თანამედროვე სკვერის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
თბილისის მერიის ცნობით, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერით სარგებლობას ადგილობრივი მოსახლეობა მომავალი თვიდან შეძლებს.
აღნიშნულ ტერიტორიასა და მის მიმდებარედ არსებული ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 3100 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი, თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე ნოვატორული რეკრეაციული ზონა განთავსდა, მიმდებარედ კი, რაიონში პირველად, უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა.
სკვერში მოეწყო უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით გამწვანდა. სკვერში ასევე, დამონტაჟდა ახალი სარწყავი სისტემა.
თანამედროვე სკვერის მოწყობის სამუშაოებს რაიონის გამგეობა ორთაჭალაში, გრიშაშვილის N51-ის მიმდებარედაც ახორციელებს. აღნიშნული სკვერი 1000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ტერასის ხიდი ლითონის მოაჯირით, ასევე, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება და რულონური ბალახის საფარი დაიგება. ასევე, დამონტაჟდება საპარკე სკამები, ლითონის კონსტრუქციები შეიღებება და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
აღნიშნული ორი სკვერის გარდა, კრწანისის რაიონში, ბოლო სამი თვის განმავლობაში, შვიდი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელთა შორის რუსთავის გზატკეცილის N18, გორგასლის ქუჩა N32, კრწანისის ქუჩა N16, რუსთავის გზატკეცილის N28, რუსთავის გზატკეცილის N19-ის, ზემო ფონიჭალა, ლომინაძის N79-ს მიმდებარე ტერიტორია და ე. მცხეთელის ქუჩაზე არსებული სკვერებია.