სასტუმროების ფასების ინდექსი ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.2%-ით გაიზარდა

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით, 7.2%-ით გაიზარდა.ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, მოცემულ პერიოდში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარასა (22.7%) და სამცხე-ჯავახეთში (17.9%) გაიზარდა. თბილისში კი სასტუმროების ფასების ზრდამ 1.3% შეადგინა.

2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით სასტუმროების ფასები მხოლოდ სამ რეგიონში შემცირდა. ესენია: მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.

რაც შეეხება ოქტომბრის მონაცემების, წინა თვესთან შედარებას, წინა თვეში სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ნდექსი 0.1%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტად კახეთსა (-1.7%) და იმერეთში (-1.6%) შემცირდა. თბილისში კი სასტუმროს ფასების 0.8%-ით შემცირება დაფიქსირდა.

„საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ გურიასა (2.2%) და აჭარაში (2.3%) გაიზარდა.

საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად კახეთსა და იმერეთში შემცირდა. ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. თბილისში, აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასები 0.6%-ით შემცირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად იმერეთსა და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით ფასები გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში გაიზარდა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 1.4% შეადგინა,“-აღნიშნულია კვლევაში.