დედაქალაქის ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის 15 მლნ ევრო გამოიყოფა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს 15 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სათანადო ტექნიკის შესყიდვას.

„პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი და მოემსახურება ეკოლოგიური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას.

დღესვე, პროექტის ფარგლებში, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ.

დღეის მდგომარეობით, EBRD-ის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 200-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით 3 მილიარდი ევროა, საიდანაც 90% მიმართულია კერძო სექტორის განვითარებისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.