ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს.ამის შესახებ ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც გემ “ალიჯან კარტალი”-ს ეკიპაჟის ქართველი წევრები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას აღნიშნულზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მხარეები, რომლებიც გემის ქართველი მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები.
შეხვედრაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე მონაწილეობდნენ.
გემი „ალიჯან კარტალი“ სხვადასხვა პრობლემების გამო 2018 წლის ივლისიდან დღემდე ბათუმის ნავსადგურში დგას. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვეების განმავლობაში არ უხდიდა სახელფასო დავალიანებას ეკიპაჟის წევრებს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პირველივე დღეებიდან აქტიურ მონაწლეობას იღებს მეზღვაურთა სახელფასო დავალიანების საკითხის მოგვარების პროცესში.
„გემთმფლობელთან მოლაპარაკებებში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა.რ. მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები. ჩართული მხარეების აქტიურობის შედეგად 26 ნოემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება და გემის მფლობელი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.