„საქართველოში გიდების სერთიფიცირება პირველ ეტაპზე, შესაძლოა, ერთ კონკრეტულ ქალაქში განხორციელდეს.ეს იქნება საპილოტე პროექტი და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მთელ ქვეყანაზე გავრცელდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ - „ გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ქეთევან მელაძემ განუცხადა.
„ჩვენი ქვეყანა ითვლება ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ქვეყნად მსოფლიოში და საკმაოდ დიდია დაინტერესებაც. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა ტურისებს შემოჰყავთ თავიანთი გიდები. ისინი არ სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით. შემოყვანილი გიდები კი აწვდიან მათ დამახინჯებულ ინფორმაციას. ამ კუთხით აუცილებელია გარკვეული რეგულირება. მაგრამ ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა. სერთიფიცირება საჭიროა, თუმცა როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება და რომელი უწყება იქნება სერთიფიკატის გამცემი, მსჯელობის საგანია. ვფიქრობთ, უნდა გაკეთდეს საპილოტე პროექტი, სადაც დაიწყება გიდების სერთიფიცირება, რომელი ქალაქი იქნება არჩეული, ეს შემდგომში გადაწყდება.“-განაცხადა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ქეთევან მელაძის განმარტებით, გიდებთან დაკავშირებით, ლიცენზირება ან სხვა მკაცრი რეგულაციების მიღება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ცნობისათვის, გიდების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს გიდები საკუთარი ქვეყნებიდან მოჰყვებოდნენ. 2017 წელს Manifest.ge–ზე ელექტრონული პეტიციაც გამოქვეყნდა, რომლითაც ხელმომწერები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიმართავდნენ და უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურების ჩატარების აკრძალვას ითხოვდნენ.
ქრისტინე გამთენაძე