რა ოდენობის შემოწირულებები მიიღეს საპრეზიდენტო კანდიდატებმა 1-ელი აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით

1-ელი აგვისტოდან 19 ნოემბრის ჩათვლით, ორმა ძირითადმა სუბიექტმა ჯამში 11 343 062 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო,მათგან 8 998 948 ლარი (79.3%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 1 243 366 ლარი (11.6%) - გრიგოლ ვაშაძემ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა წარადგინა.

რაც შეეხება პირველი ტურის შემდგომ პერიოდს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ორმა ძირითადმა საარჩევნო სუბიექტმა ჯამში 4 128 323 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.

"აქედან 3 592 724 ლარი (87%) მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 535 599 ლარი (13%) გრიგოლ ვაშაძემ; სალომე ზურაბიშვილის 621 შემომწირველიდან 157 პირი იყო ისეთი, რომლებმაც წინა წლებში სხვა პარტიასაც შესწირეს თანხა. მათგან 137 ფიზიკური პირი „ქართული ოცნების“ ყოფილი შემომწირველია, რომლებმაც ზურაბიშვილს ჯამში 1 750 900 ლარი შესწირეს, რაც მთლიანი შემოწირულებების 22%-ია. გასულ წლებში იგივე პირებს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში დაახლოებით 5 801 088 ლარი აქვთ შეწირული. ასევე, ზურაბიშვილის 15 შემომწირველს 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს თანხები გაღებული ჯამში 795 000 ლარის ოდენობით; საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე არაფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლებმაც სხვადასხვა საჯარო პოლიტიკური ღონისძიება გამართეს. მათ შორისაა „მე ვიცავ თავისუფლებას“, „არა მიშას, არა ნაცებს“, „არა ნაციზმს“ და სხვა. ამ ჯგუფების ქმედებები აშკარად შეიცავს ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო და მეორის საწინააღმდეგო აგიტაციას და ამისთვის სავარაუდოდ, იხარჯება გარკვეული თანხები; გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავდა, ნოემბერში ამ პარტიის ოფიციალურ „ფეისბუქ” გვერდზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო დასპონსორებული რეკლამები, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ კანდიდატის სასარგებლოდ გაღებულ უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს; სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ ფინანსურ რესურსს კიდევ ერთი პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიც” ხარჯავდა. ნოემბრის დასაწყისში ამ პარტიამ დაიწყო სააგიტაციო მასალის ბეჭდვა და გავრცელება, რომლის მთავარი მიზანი გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურის დისკრედიტირება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო. გარდა ამისა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” ბათუმსა და თბილისში იგივე მიზნით გამართა ფართომასშტაბიანი სააგიტაციო დემონსტრაციები. შეხვედრებზე გამოყენებული იყო სცენა, მიკროფონები, სააგიტაციო პლაკატები და სხვა საშუალებები. პარტიამ, ასევე, უზრუნველყო მონაწილეთა ტრანსპორტირება. ამდენად,„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დახარჯა ფინანსური და მატერიალური რესურსი, რაც უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს",- აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.