Wizz Air ავიაკომპანიის ბაზრიდან გაყვანის შესახებ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უფრო მეტი ავიამიმართულება დაამატოს.
„Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა: რიგა, პარიზი, პრაღა, ათენი, ბარსელონა, რომი, ბუქარესტი, ვენა და ვროცლავი. ამასთან, ავიაკომპანიამ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდი, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს. Wizz Air-ის მიზანია, გააფართოვოს საქართველოში არსებული ქსელი და ქართველ მოგზაურებს შესთავაზოს უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზრიდან გაყვანას გეგმავს.