"საქართველოს ხელისუფლება აპირებს კონკურენცია შეზღუდოს და ამის გამო კომპანია WIZZ AIR-ს პრობლემებს უქმნის"

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაბაზარზე კონკურენციას ზღუდავს.

გიორგი კანდელაკის თქმით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა, რის გამოც WIZZ AIR-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება ჭიანურდება.

„ჩვენ როგორც ქუთაისის აეროპორტის განვითარების გულშემატკივრებმა გადავამოწმეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს კომპანია WIZZ AIR-ის საქმიანობა შეზღუდოს. მოგეხსენებათ, ეს კომპანია ყველაზე დიდი გადამზიდავია საქართველოს ავიაბაზრზე. ამ კომპანიის გამოჩენამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეეებს შესაძლებლობა მისცა შედარებით იაფად მგზავრობის, საქართველოში კი ტურისტული ნაკადი გაიზარდა. დღეს კი, იმის გამო, რომ პრემიერი მამუკა ბახტაძე ერთ-ერთ სხვა ავიაკომპანიას დაუახლოვდა, WIZZ AIR-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება ჭიანურდება. ასე საქართველოს მთავრობა ზღუდავს კონკურენციას ქართულ ავიაბაზარზე. ეს კი დააზარალებს საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს შეამცირებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ხელი აიღონ ამ მავნე და არასწორ გადაწყვეტილებაზე და შეასრულონ ის გეგმა, რაც არსებობდა აეროპორტის შექმნისას. იმის ნაცვლად, რომ სხვა კომპანიებიც შემოიყვანონ ბაზარზე, არსებულ კომპანიებსაც კი პრობლემებს უქმნიან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.