„უძრავი ქონების ფასი უახლოეს მომავალში ნამდვილად გაიზრდება და ეს გარდაუვალია,“ - ამის შესახებ, დეველოპერული კომპანია „არსის“ ფინანსურმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი დაასახელა. მათ შორის, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები “, ასევე სამშენებლო პროდუქტების შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც მომავალი წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.
„დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ მთავრობის 41-ე დადგენილების ძალაში შესვლამდე იყო დამტკიცებული. როგორც კი ბალანსი შეიცვლება, ეს იაფად აშენებული ბინები ამოიწურება და უმრავლესობა ამ დადგენილების მიხედვით იქნება აშენებული, ფასებიც გაიზრდება. ამას კიდევ სხვადასხვა კომპონენტები ემატება, მათ შორის, სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და ცხადია, რომ ეს ყველაფერი უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. უახლოეს მომავალში 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარიან გაძვირებას ველოდებით. თუმცა ეს 100-დოლარიანი ნამატი თვითღირებულების იქნება. შესაბამისად, კომპანიების მხრიდან გასაყიდი ფასი კიდევ უფრო მეტით - პირობითად, 120-130-150 დოლარით გაიზრდება,“-აღნიშნა აბულაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის 620 გვერდიან 41-ე დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. ხოლო სამშენებლო პროდუქტების შესახებ რეგლამენტი მშენებლებს ხმაურის რეგულირებას, ენერგოეფექტური და გაცილებით უფრო მდგრადი მასალების გამოყენებას ავალდებულებს.