რამ გააძვირა რაბათი?

ბოლო რამდენიმე დღეა ახალციხეში ტურისტების ნაკადმა იმატა.ადგილობრივი სასტუმროების მომსახურე პერსონალის თქმით, ახალციხეს, კონკრეტულად კი, რაბათს, სომხები, თურქები, აზერბაიჯანელები და ადგილორბივი ქართველები სტუმრობენ.

დამთვალიერებლების თქმით,  წინა ჩამოსვლაზე (2012 წელს), რაბათის დათვალიერებაში ბილეთის ფასი 3 ლარი გადაიხადეს, წელს კი 5-მდეა გაძვირებული... 7 ჰექტარ ფართობზე მდებარე ახალციხის ციხეს, რომელიც ორ ნაწილად - ზედა და ქვედა ციხეებადაა დაყოფილი, დამთვალიერებლები დილის 9:00 საათიდან სტუმრობენ. ქვედა ციხის მონახულება უფასოა, ზედა - ფასიანი.

ზედა ციხის დათვალიერების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ: სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, რომელიც ჯაყელების საგვარეულო სასახლეში განთავსდა, მეჩეთი, მედრესე, მე-9 საუკუნის მართლმადიდებლური ტაძარი, ფაშას მოსასვენებელი, ციტადელი, დილეგები და ამფითეატრი.

ქვედა ციხე უმეტესად მომსახურების ობიექტებს უკავია. სასტუმრო, რესტორანი, ორი კაფე-ბარი, ქორწინების სახლი (რომლის ფასი მისი მომსახურების ტიპის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა, როგორც ამბობენ, კლიენტი არასდროს აკლია)...

რაბათის ციხის დამთვალიერებელთათვის, ჯგუფური ტურისა და ინდივიდუალური სტუმრის შემთხვევაში, ფასები სხვადასხვანაირია. ბილეთის ღირებულება განსხვავებულია ადგილობრივებისა და ჩამოსულებისთვისაც. სკოლის მოსწავლეებისთვის ჯგუფური ტური ერთ ადამიანზე 0,50 ლარი ღირს, სტუდენტებზე კი - 1 ლარი. ინდივიდუალურად სკოლის მოსწავლეებისათვის - ბილეთის ღირებულება 1 ლარია, სტუდენტებისა და მოზრდილებისთვის კი - 1,50 ლარი; ადგილობრივი მოსახლეობისათვის (რეგიონის 6-ვე მუნიციპალიტეტი) ზედა ციხის ტერიტორიაზე შესვლა ინდივიდუალურად - 1,5 ლარია ღირს, ჯგუფური ტურის შემთხვევაში - 1,0 ლარი. რეგიონს გარეთ მცხოვრებლებისთვის ჯგუფური ტური - 5 ლარი, არაჯგუფური კი - 7 ლარია.

შესვლა უფასოა საქართველოს და უცხოეთის მუზეუმების თანამშრომლებისთვის, 6 წლამდე ასაკისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის, სოციალურად დაუცველ პირთათვის, ომის ვეტერანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.

ადგილობრივი თანამშრომლების თქმით, შარშანდელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა და დღის განმავლობაში 200-ს აჭარბებს. მათი უმეტესობა, საკვების, გაზიანი სასმელებისა და მინერალური წყლების გარდა, სუვენირების შეძენით არის დაინტერესებული.

იმ ვიზიტორების თქმით, ვინც რაბათს შარშანაც სტუმრობდა, ფასები მომატებულია.

მაია, 34 წლის:

- ბილეთის ფასიც კი ორ ლარით გაუძვირებიათ, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა დანარჩენზე. საკვები ობიექტების სერვისი გაძვირდა. შარშან ორ შვილთან ერთად ვსტუმრობდი აქაურობას, წელს დისშვილებიც დავპატიჟე, ძალიან მინდოდა, ცნობილ კაფე-ბარ ”რაბათი ქლაბიში” გვესადილა, მაგრამ ვერ შევძელი... გაძვირებული მეჩვენა ხელთნაკეთი ნივთებისა და სუვენირების ფასებიც, რომლებიც სამახსოვროდ შევიძინე.

ვიზიტორების მსგავსად, ფასების მომატებაზე ადგილობრივებიც საუბრობენ. მათი თქმით, ”რაბათის გაძვირება” ტურისტულ სეზონს უკავშირდება. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შარშან ამ დროს, შედარებით იაფი ტარიფები იყო.

ლალი პაპასკირი