დღეს ნავთობის ფასმა ვარდნა გააგრძელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთში მოპოვების ტემპი რეკორდულად გაიზარდა.ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც საუდის არაბეთი ცდილობს, დაარწმუნოს OPEC-ის წევრი ქვეყნები, რომ ბაზარზე არსებული სიჭარბის დასაბალანსებლად, აუცილებელია მიწოდების შეკვეცა.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 70 ცენტით, 59.78 დოლარამდე გაიაფდა და ბოლო 13 თვის მინიმალურ მაჩვენებელს (58.41 დოლარი) მიუახლოვდა. 75 ცენტით, 50.88 დოლარამდე გაიაფდა დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი.
როიტერსის წყაროს ინფორმაციით, საუდის არაბეთმა მოპოვების ყველა დროის რეკორდი მოხსნა - ნოემბერში მისი დღიური მოპოვება 11.1-დან 11.3 მილიონ ბარელამდე მერყეობს. ამის ფონზე, ნავთობის ფასმა ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით მესამედი დაკარგა.
„ნავთობის ფასის ვარდნა ისეთივე მკვეთრია, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზის და OPEC-ის 2015 წლის ნოემბრის შემდეგ იყო, როცა ორგანიზაციამ მსოფლიო ბაზარზე ჭარბი მიწოდების ფაქტი უყურადღებოდ დატოვა“, - ნათქვამი ამერიკულ საინვესტიციო ბანკ „ჯეფრიზის“ განცხადებაში.
ამ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს G20-ის ბუენოს აირესის (არგენტინა) შეხვედრა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) სხდომა. G20-ის სამმიტი 30 ნოემბერს დაიწყება და მასში ნავთობის მომპოვებელი სამივე ლიდერი ქვეყანა - შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი და რუსეთი მონაწილეობენ. 6 დეკემბერს კი OPEC-ის სხდომა გაიმართება (ვენა, ავსტრია).