საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა ნახევარი ფიქრობს, რომ მათ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მაღალი მზაობა აქვთ.
ამის შესახებ, IPM-ის მიერ ევროპის ქვეყნებში განხორციელებულ საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის შედეგებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამგვარი თვითშეფასებით ქართველი სტუდენტები ევროპის ისეთი ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს უსწრებენ, როგორებიცაა - ავსტრია, საფრანგეთი, ნორვეგია და სხვ.
„საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის მზადყოფნას მკვეთრად ოპტიმისტურად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა უმუშევრობის 13.9%-იანი მაჩვენებლით. უფრო მეტიც, კვლევის მონაწილე სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის, საქართველოს სტუდენტებს ყველაზე მაღალი მზაობა აქვთ ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებისთვის. მეტი სიზუსტისთვის, დასაქმების მაღალი მზადყოფნა აქვს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამების სტუდენტთა 80%-ს.
საქართველოს უსდ-ებში გამოკითხული სტუდენტების ნახევარი (51%) ფიქრობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებისთვის, მიმდინარე სასწავლო პროგრამის დამთავრების შემდეგ, (ძალიან) კარგად მომზადებული იქნება. მათი თვითშეფასება საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების მზადყოფნის კუთხით, უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ავსტრიის (42%), საფრანგეთის (39%) ან ნორვეგიის უნივერსიტეტების სტუდენტებისა (24%).
საქართველოს სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული ქვეყნების სტუდენტებთან შედარებით, თვითშეფასებაში უმნიშვნელოდ ჩამორჩებიან მხოლოდ ფინეთის (55%) და ირლანდიის (52%) უნივერსიტეტების სტუდენტებს,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.