"ქართული ოცნება" 2012 წელს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა და ამ მიზნით მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც შეიქმნა.
უწყება, რომელსაც უამრავი უდანაშაულოდ დასჯილი, დაზარალებული ადამიანი იმედით შეჰყურებდა, ეფექტური არ გამოდგა. ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესმა აჩვენა, რომ უწყება მათ დაზარალებულად ცნობს, ფორმალურად სტატუსსაც განუსაზღვრავს, თუმცა როდესაც ჯერი ქმედებაზე მიდგება, სრულიად უუნარო ხდება.
გიორგი ხუროშვილი ერთ-ერთია, რომლის ისტორიაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიზნესმენების მიმართ განხორციელებული "რეკეტის" კლასიკური მაგალითია. ქონებაწართმეული ბიზნესმენის საქმის მასალები ადასტურებს მაშინდელი სამართალდამცავი უწყებების მიერ ჩადენილ უამრავ გადაცდომასა და დანაშაულს.
გიორგი ხუროშვილი შპს "არაგვი ბროკერ პეტროლის" დამფუძნელი და 100%-იანი წილის მფლობელი იყო. კომპანია თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 3 990 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობდა, მასზე არსებული 217,8 კვ.მ შენობა-ნაგებობით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი იყო ბენზინგასამართი სადგური, რომელიც სხვადასხვა კომპანიებზე იჯარით ქირავდებოდა.
ხუროშვილის ქონება წართმევამდე და შემდეგ
2011 წლის დასაწყისში ხუროშვილის კომპანიამ ბენზინგასამართი სადგური დროებით სარგებლობაში გადასცა "შპს ვასსერვისს" და კომპანიის მესაკუთრეეები - ვასილ ჯიქია და ავთანდილ ბიძინაშვილი თვეში 1900 ლარის გადახდაზე შეითანხმა. ვინაიდან იმ პერიოდში კანონში შესული ცვლილებები ბენზინგასამართი სადგურის ასამუშავებლად შემოსავლების სამსახურში პროცედურების გავლას მოითხოვდა, "ვასსერვისის" მფლობელებმა ხუროშვილს სთხოვეს, ვიდრე ობიექტს გამართავდნენ, 2 თვე მათთვის საშეღავათო პერიოდი მიეცა და ფართი მინიმალურ თანხად 300 ლარად მიექირავებინა, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ჩვეულებრივ 1900 ლარის გადახდას გააგრძელებდნენ.
შეთანხმების შესაბამისად კომპანიებს შორის დაიდო სამთვიანი ხელშეკრულება, ზემოთხსენებული პირობებით. სწორედ ეს ხელშეკრულება გახდა ბიზნესში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში ჯერ ვასილ ჯიქია და ავთანდილ ბიძინაშვილი დააკავეს და ბრალი წაუყენეს ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დოკუმენტაციის მომზადებასა და ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების შეცვლაზე.
მათი დაკავებიდან ორ თვეში გიორგი ხუროშვილიც მისცეს პასუხისგებაში. ისიც დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით გაასამართლეს. განაჩენში ეწერა, რომ გარიგების შედეგად, ხუროშვილმა ვასილ ჯიქიასა და ავთანდილ ბიძინაშვილისგან სამი თვის განმავლობაში მიიღო ზედმეტი 5 100 ლარი.
ხუროშვილი ყვება თუ როგორი გაუსაძლისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ სთხოვდნენ დანაშულის აღიარებასა და ქონების დათმობას. მისი თქმით, პროკურორი დიმიტრი ფაღავა, რომელიც ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეა (ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ), მისგან პირდაპირ მოითხოვდა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემას და პირდებოდა, თუ ასე მოიქცეოდა, მის მიმართ ყოველგვარი სამართლებრივი დევნა შეწყდებოდა.
ყველაფრის მიუხედავად, ხუროშვილმა დანაშაული არ აღიარა და მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხუროშვილი ამბობს, რომ ციხეში გატარებული რვა თვის განმავლობაში პერმანენტულად უსწორდებოდნენ ფიზიკურად:
"რვა თვის განმავლობაში ყოველ საღამოს შემოდიოდნენ ციხის ჩემთვის უცნობი თანამშრომლები. სასტიკად მცემდნენ. რატომ არ გადიხარ ციხიდან, საპროცესოს რატომ არ აფორმებო?!
ცემას ვუძლებდი და არ ვაპირებდი არ არსებული ბრალის აღიარებას, მაგრამ სასამართლო პროცესის წინა საღამოს შემიყვანეს აბანაოში, გამაშიშვლეს მთლიანად და გაუპატიურებით დამემუქრნენ. თუ ხვალ პროცესზე ქონებას არ დათმობ და ბრალს არ აღიარებ გაუპატიურება არ აგცდებაო.
შენი კომპანიის ბუღალტერსაც მალე მოგისვამთ გვერდითო. ამან საბოლოოდ გამტეხა და იძულებული გავხდი ბრალი მეღიარებინა..." - ამბობს ბიზნესმენი, რომელმაც 2011 წელს პროცესზე ბრალი აღიარა.
ხუროშვილს გათავისუფლების სანაცვლოდ, 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, როგორც დანაშაულის საგანი, სახელმწიფოს გადაეცა. განაჩენში ჩაიწერა, რომ პროკურორ დიმიტრი ფაღავას შუამდგომლობის შესაბამისად, ხუროშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სინამდვილეში მას არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და საპროცესო შეთანხმება რეალურად არც არსებობდა.
ხუროშვილი პროკურატურისგან დღემდე ითხოვს ამ საპროცესო შეთანხმების ასლის გადაცემას, თუმცა, ცხადია, უშედეგოდ. სასამართლო პასუხობს - ”ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება”.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გიორგი ხუროშვილმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, პროკურატურის სპეციალურ დეპარტამენტს მიმართა. ხუროშვილის საქმე ახალმა დეპარტამენტმა ხელახლა გამოიძია, ის სრულიად უდანაშაულოდ ცნო და დაზარალებულის სტატუსიც განუსაზღვრა. თუმცა, როცა საქმე წართმეული ქონების დაბრუნებაზე მიდგა, უამრავმა გაურკვეველმა სამართლებრივმა ფორმალობამ იჩინა თავი. ასე მაგალითად:
2017 წლის 7 ივლისს ზემოთ აღნიშნული დეპარტამენტის პროკურორმა თინათინ მახარაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა გიორგი ხუროშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. სააპელაციო სასმართლომ პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინიდან კანონი საქმის გადასინჯისთვის პროკურატურისგან მოითხოვდა არა პროკურორის შუამდგომლობას, არამედ - პროკურორის დადგენილებას.
უცნაურია რატომ გააჭიანურა საქმე პროკურატურამ და აქამდე რატომ არ წარუდგინა სასამართლოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტი, თუ პრობლემა დოკუმენტების წარდგენის ფორმალური მხარეა?!
განჩინების გამოტანის შემდეგ გასულია ერთ წელზე მეტი, დაზარალებული ხუროშვილი სისტემატურად მიმართავს პროკურატურას და უშედეგოდ ითხოვს პასუხს შეკითხვებზე: რა ეტაპზეა ქონების დაბრუნების პროცესი? რატომ არ გადასცემს საგამოძიებო უწყება პროკურორის დადგენილებას სააპელაციო სასამართლოს, რომლის მეშვებობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი საქმის გადასინჯვა?
გიორგი ხუროშვილმა AMBEBI.GE-ს წარუდგინა ყველა დოკუმენტი, ფოტოები, პროკურატურისთვის გაგზავნილი ათეულობით წერილი... ბიზნესმენის თქმით, წერილით არაერთხელ მიმართა საქართველოს ყოფილ პრემიერ კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელს კახი კახიშვილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას... პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა არამხოლოდ დაზარალებული ბიზნესმენი, ყველა ზემოთჩამოთვლილი პირი და უწყებაც. განაგრძეთ კითხვა