მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC წარმატებით ჩაერთო გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივაში.ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი ქსელი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესისთვის, რომელიც 9 000-ზე მეტ ბიზნეს და არაკომერციულ კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს 135 ქვეყნიდან. მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას უწყობს ხელს.
გაეროს გლობალურ შეთანხმების წევრობა ორგანიზაციებს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. გლობალური შეთანხმება გაეროს ერთ-ერთი ორგანოა. შესაბამისად, მისი წევრობით კომპანია იძენს ავტორიტეტს, ცოდნასა და გაეროს გამოცდილებას. MBC-ის საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის ეთერ ჩაჩიბაიას განმარტებით, კომპანიისთვის ეს სიახლე მეტად მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება, დღეს ჩვენ შევუერთდით მსოფლიო ქვეყნებს, სადაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ქმნის ბიზნესსტრატეგიების და მათი მოქმედების ძირითად მიმართულებებს. ეს საქმიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება და შემდეგ წელსაც გავაგრძელებთ აქტიურობას,“ - განმარტავს ეთერ ჩაჩიბაია.
ქსელში გაერთიანება ცალსახად უსვამს ხაზს მისი წევრების საქმიანობის მაღალ პრინციპებსა და სტანდარტებს. აქვე გთავაზობთ იმ 10 პრინციპს, რომელიც ქსელში გაერთიანებულმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას:
• ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს და პატივი სცეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
• ბიზნესი არ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილე.
• ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას და აღიაროს უფლება კოლექტიური მოლაპრაკებების შესახებ.
• უნდა აღკვეთოს იძულებითი და სავალდებულო შრომის ყველა ფორმა.
• უნდა ეფექტურად აღკვეთოს ბავშვთა შრომა.
• უნდა გამორიცხოს დისკრიმინაცია დასაქმების ეტაპზე და თანამშორმლების მიმართ.
• ბიზნესმა მხარი უნდა დაუჭიროს პრევენციულ მიდგომას გარემოსდაცვითი გამოწვევებისადმი.
• თავის თავზე უნდა აიღოს ინიციატივები და ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას.
• უნდა წაახალისოს გარემოსთვის არამავნებელი ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება.
• ბიზნესმა უნდა იმუშავოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით.