მთავრობის სარეზერვო ფონს წელს ხარჯვით ნაწილში გადაჭარბება არ აქვს.როგორც ბიუჯეტის 10 თვის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, იანვარ-ოქტომბერში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 30,2 მლნ ლარი დაიხარჯა, ბიუჯეტის კანონის მიხედვით კი მთლიანად წელს გამოყოფილია 50 მლნ ლარი.
არადა, წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდი „უძირო ქვევრივით“ იყო, თითქმის ყოველთვის ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტში გაწერილ თანხას ერთი-ორად აღემატებოდა. სარეზერვო ფონდიდან თანხები კი იხარჯებოდა არა მხოლოდ „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგანგებო შემთხვევებზე", არამედ კონტერტების და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის, ასევე წინასაარჩევნო რეკლამების დაფინანსებისთვის.
რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს: 2018 წლის ბიუჯეტი კანონის მიხედვით მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის გათვალისინებულია 50 მილიონი. 10 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, უკვე გამოიყო 31 388 299 ლარი, სადაიანც დაიხარჯა 30 244 437 ლარი. ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 40 მილიონი, გამოიყო 76 918 869 ლარი, გადაირიცხა 73 729 887ლარი. ხოლო 2016 წელს სარეზერვო ფონდის ხარჯვამ ბიუჯეტით გათვალისწინებულ გეგმას რამდენჯერმე გადააჭარბა - 2016 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 50 მილიონი, ხოლო დაიხარჯა 172 872 654 ლარი.
როგორც გასული წლების ბიუჯეტში ვკითხულობთ, 2018 წელს თანხები ძირითადად გამოიყო სამინისტროებისთვის, მოსახლეობის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის, ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე, გათვალისწინებული იყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერები.
2017 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები ძირითადად დაიხარჯა სამინისტროებში, პარტიებისა და მათი საარჩევნო რეკლამების დაფინანსებაში, კულტურულ და სპორტულ პროგრამებში. თანხები ასევე გამოიყო საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის და გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერები.
2016 წელს საბიუჯეტო თანხის ძირითადი ნაწილი განკუთვნილი იყო, არჩევნებისა და შესაბამისი ღონისძიებებისთვის, სამინისტროებისთვის, კულტურული და სპორტული პროგრამებისთვის, საზოგადოებრივი მაწუყებლისთვის, მეწარმეობის განვითარებისისა და საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამებისთვის. მათ შორის იყო ასევე, ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, 2018 წელს საარჩევნო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხები არ გამოყოფილა, რაც იურისტი ლევან ალაფიშვილის შეფასებით, არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც მიმდინარე წელს სარეზერვო ფონდის ბიუჯეტის ხარჯვა გეგმის მიხედვთ მიდის. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სამთავრობო გუნდს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავდა, საარჩევნო ღონისძიებების დაფინანსება ძირითადად შემოწირულებებით მიმდინარეობდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მონაცემებმა, თანხების გამოყოფისა და ხარჯვის ნაწილში, თავისი შედეგი დადო არჩევნების შემაჯემებელ ოქმებში. იმიტომ, რომ სარჩევნო კოდექსი და მისი რეგულაციები არ ვრცელდება სარეზერვო ფონდებზე. აქ საუბარია მხოლოდ ახალი პროგრამების დაწყებაზე და ა.შ. რაც შეეხება 2018 წელს, როგორც ჩანს, მთავრობას ამის საჭიროება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ მიერ მხარდაჭერილი იყო, ოფიციალურად ამბობდნენ, რომ პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა. შესაბამისად, სრული ჩართულობით და მობილიზებით არ მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში, მხოლოდ მხარს უჭედნენ. როგორც ჩანს, თვითონვე იყვნენ დაიმედებული, რომ ეს არ დასჭირდებოდათ, მაგრამ შემდგომ შემოწირულებების მობილიზება მოუწიათ. ამიტომაც არ გამართულა წინასაარჩევნო კონცერტები და სხვადასხვა ღონისებები. რომელიც გასულ წლებში ასე ჭარბად იყო. ეს ყველაფერი კი მთავრობის წლევანდელი სარეზერვო ფონდის ხარჯვის ნაწილშიც შესაბამისად აისახა“,-ამბობს ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, ამასთან, გამკაცრებულია სავალუტო ფონდის მიერ კონტროლიც და იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ზოგადად ბიუჯეტის ათვისებაში ისედაც პრობლემები აქვს, სავალუტო ფონდის ნაწილშიც დისბალანსი, შესაბამის რეაგირებას გამოიწვევდა.
„გასათვალისწინებელია ისიც, რომ საბიუჯეტო პარამეტრებს, ათვისებას და ხაჯვას უკვე მკაცრად აკვირდება სავალუტო ფონდიც და აქაც გადაჭარბება, არ იქნებოდა ასე ადვილად მიღწევადი. მთავრობას ისედაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს საბიუჯეტო სახსრების ათვისებაში და ახლა, ერთგან ჩამორჩენა და მეორეგან გადაჭარბებული ხარჯვა, ასე ადვილად არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ ჩაივლიდა“,- აცხადებს ლევან ალაფიშვილი.