ირაკლი ლექვინაძე - რკინიგზის პრივატიზაციამ შესაძლოა, კომპანიის ეფექტურობა გაზარდოს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია დასაშვებია და ამან შესაძლოა, აღნიშნული კომპანიის ეფექტურობის ზრდა გამოიწვიოს.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ობიექტების მიმართ ინვესტორთა ინტერესი ყოველთვის მაღალია.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონკრეტულ პრივატიზების მოდელზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა მისივე განმარტებით, როცა საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს ეხება, გასხვისების ფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მსგავსი ტიპის პრივატიზაცია ეკონომიკური განვითარების კუთხით, შეიძლება იყოს მისაღები, რადგანაც სახელმწიფო ორგანიზაციებში, შეიძლება ოპერირების ან სხვა ნაწილში კერძო სექტორის მონაწილეობა. თუ რა ფორმით და როგორ, ამის ძალიან ბევრი მოდელი არსებობს. მე გამიჭირდება კონკრეტულ ფორმაზე საუბარი, რადგან ეს ზოგადი მოსაზრებაა და კონკრეტიკა არ გვაქვს. თუმცა მსგავსი ტიპის მოქმედებები რეალურად შესაძლებელია და ამან შეიძლება გაზარდოს ამ კომპანიის ეფექტურობა“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

„საქართველოს რკინიგზის“ შესაძლო პრივატიზებასთან დაკავშირებით განცხადება „ბლუმბერგთან“ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. 

ქრისტინე გამთენაძე