საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე უარის თქმას და ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გადასვლას გეგმავს.
ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტს ათონელის სასახლე (ორბელიანის სასახლე) უფრო შეეფერება.
"ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება" - განაცხადა ზურაბიშვილმა "იმედის" ეთერში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრიდან ათონელზე - ორბელიანის სასახლეში გადასვლის საკითხი, სალომე ზურაბიშვილს საკუთარ საარჩევნო პროგრამაშიც აქვს გაწერილი.
2015 წელს მედიას მიეცა საშუალება გადაეღო, როგორ გამოიყურება ათონელის ქუჩაზე მდებარე ახალი რეზიდენცია, სადაც შესვლა არ ისურვა გიორგი მარგველაშვილმა და რომელშიც პრეზიდენტობის წლებს სალომე ზურაბიშვილი გაატარებს.
რეზიდენცია ათონელის 25 ნომერში მდებარეობს, ის ხუთსარულიანია და ფართობი, 6 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს. შენობაში განთავსებულია შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზები, კაბინეტი, საოფისე ოთახები, რომლებიც შესაბამისი ავეჯით არის აღჭურვილი. თუმცა, ორბელიანის სასახლეს არ აქვს შესაბამისი ეზო, სადაც პრეზიდენტს მაღალი რანგის მიღებების გამართვა შეეძლება.
რეზიდენციის მშენებლობაზე დახარჯული თანხა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. იხილეთ ფოტოები