თბილისში საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართება

30 ნოემბერს, საქართველო-ავსტრიის ტურიზმის ფორუმი გაიმართება.სავაჭრო სამრეწველო პალატის ცნობით, ღონისძიებაში, რომელიც „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 12 ავსტრიული კომპანია ჩამოვიდა, რომლებიც ძირითადად ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის სექტორებს წარმოადგენენ. ღონისძიების პირველი ნაწილის მიმდინარეობისას გაიმართება პრეზენტაციები, სადაც აღნიშნული 12 კომპანია საკუთარ პროდუქტსა და შეთავაზებებს წარადგენს.

„ავსტრიული კომპანიების საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი გამოცდილების გაზიარება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაა. შესაბამისად, გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს, რომლებიც შესაბამის სფეროებში სპეციალიზდებიან, საშუალება ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ ინტერესის სფეროს შესაბამის ავსტრიულ კომპანიასთან და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ ავსტრიის სავაჭრო კომისარი გეორგ კარაბაჩეკი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. ასევე, ფორუმი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმსაც, სადაც ფორუმზე წარმოდგენილი ავსტრიული კომპანიების საქმიანობასა და ინტერესებს განიხილავენ.

ფორუმის მთავარი ორგანიზატორები ავსტრიის სავაჭრო პალატა (WKO) და საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანია არიან.