ბაკურიანის ბრენდულ სასტუმროებში ახალი წლისთვის ნომრების 50% უკვე დაჯავშნილია

ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნამდე 2 კვირაზე ნაკლები დარჩა, თუმცა საქართველოს ზამთრის კურორტებზე სასტუმროების ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ რამდენიმე სასტუმროში განუცხადეს, ახალ წელს ჯავშნების უმრავლესობა უცხოელ სტუმრებს მოდის, მათ შორის განსაკურებით ბევრი აზერბაიჯანელი ტურისტები არიან.

სასტუმრო „კრისტალში“ ახალი წლის ჯავშნები 3-4 თვით ადრე დაიწყო და უკვე ნომრების 50% დაჯავშნილია.

„როგორც წესი, ახალი წლის ღამეს სტუმრების დაახლოებით 70% უცხოელია. ახალი შემდეგ შემდეგ პერიოდში კი უკვე ქართველები ჭარბობენ.

რაც შეეხება ფასებს, ის სეზონზე დაახლოებით, სამჯერ იცვლება. ნომრის ფასი ყველაზე ძვირი ახალ წელსაა, 4 იანვრიდან იკლებს, შემდეგი კლება კი 16 იანვარსაა. ახალ წელს 2-ადგილიან ნომერში სრული პაკეტი დაახლოებით 200 დოლარის ეკვივალენტია ლარში, რასაც კვება და სხვა სერვისებიც შედის. ღირებულება წინა სეზონთან შედარებით არ გაზრდილა და დღესაც იგივე ფასები გვაქვს, რაც შარშან“ - განაცხადეს სასტუმროში.

სასტუმრო Snowplaza-ს მენეჯერმა ნანა ომანიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით ჯავშნები რაოდენობა შემცირდა.

„ახალი წლის პერიოდისთვის ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამჟამად ძირითადად მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ კომპანიებთან მიმდინარეობს. შარშან უფრო მეტი ჯავშანი გვქონდა და წელს ამ კუთხით შემცირებულია მოთხოვნა.

რაც შეეხება ფასებს, წინა წელთან შედარებით იგივე დარჩა. ჩვენი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროა და ფასიც შესაბამისი გვაქვს“ - განაცხადა ომანიძემ.

სასტუმრო Villa Palace-შიც ნომრების 50% ახალი წლისთვის უკვე დაჯავშნილია. როგორც სასტუმროში „ბიზნესპრენიუსს“ განუცხადეს ძირითადი მოთხოვნა აზერბაიჯანიდან მოდის.

„ნომრების 50% უკვე დაჯავშნულია. სტუმრებში ქართველებიც არიან, მაგრამ ძირითად აზერბაიჯანიდან ჩამდიან. რაც შეეხება ფასებს, ახალ წელს 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე 2-ადგილიანი ნომრის ფასი 350 ლარი ღირს, ხოლო დანარჩენ დროს კი 250 ლარი“ - განაცხადეს სასტუმროში.

ლიკა ამირაშვილი