„ღამის ეკონომიკის“ კვლევაზე ტენდერი განმეორებით, 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდება."- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის დაწყებამდე განაცხდა.მისი თქმით, მერია ამ ეტაპზე ემზადება ტენდერის გამოცხადებისთვის.
„ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის კომპონენტი იმის გასარკვევად, თუ როგორ ვითარდება ქალაქი და როგორ უნდა განვითარდეს. ამჯერად ჩვენ გვჭირდება კვლევა იმისთვის, რომ სტრატეგიულ დოკუმენტში გარკვეული პუნქტები ჩაიდოს, თუმცა კვლევები და მათ შორის შიდა კვლევები მუდმუვად გაგრძელდება", - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
შეგახსენებთ, რომ მერიამ „ღამის ეკონომიკის“ კვლევის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 172 616 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. კერძოდ, როგორც შესყიდვების ვებგვერდზეა აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ - ერნსტ & იანგიმ, შპს კონსალთიმ, ეისითიმ და შპს Innova-მ მიიღეს, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ოთხივე მათგანი დისკვალიფიკაცია მოხდა.
როგორც გამოცხადებულ ტენდერში იყო აღნიშნული, „თბილისის “ღამის ეკონომიკის” ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მოკლე ვადებში განისაზღვროს კვლევებზე დაფუძნებული გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
„ზემოთხსენებულმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანულ განვითარებას ღამის პერიოდში, ასევე მოსახლეობის ჩართულობისა და აქტიურობის ზრდას. ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც 20:00 საათიდან იწყება და დილის 8:00 საათამდე გრძელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების როლი, როგორებიცაა გართობა, დასვენება და კულტურული ღონისძიებები. ტრანსპორტი, ხმაურის რეგულირება, უბნების რეგენერაცია და უსაფრთხოება, რომელიც ღამის ეკონომიკის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს. ღამის ეკონომიკას მნიშნველოვანი წვლილი შეაქვს ტურიზმის ზრდაში და დღის მანძილზე მიმდინარე სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობასთან მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული,“-აღნიშნული იყო სატენდერო დოკუმენტაციაში.
ქრისტინე გამთენაძე