„რეზონანსი" - „არ მახსოვს, ამ დროს თხილი ასე იაფად გაგვეყიდა"

თხილის ფასი რეგიონებში 2 ლარამდე ჩამოვარდა. წლის მიწურულს თხილი ყოველთვის ძვირია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფასი მინიმუმამდე დაეცა.მიუხედავად იმისა, რომ მარაგი მცირეა და ხალხს გადანახული მოსავალი ცოტა შემორჩა, ფასი არ იზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კატასტროფულად იაფია თხილი აფხაზეთში, სადაც 1 კგ პროდუქტის ფასი 80 თეთრს არ აჭარბებს.

მთელი წლევანდელი სეზონის განმავლობაში თხილი 5 ლარად იყიდებოდა, თუმცა ამ ფასად მხოლოდ ხარისხიანი მოსავლის ყიდვა იყო შესაძლებელი, ფასი 2,50-3 ლარს შორის მერყეობდა. ახლა ესეც სანატრელია.

თხილის ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ დღეში 200 კგ თხილზე მეტს ვერ იბარებენ და ისიც საუკეთესო შემთხვევაში. ხალხი კი უკმაყოფილოა. სამეგრელოში ამბობენ, რომ მოვაჭრეები ბოროტად სარგებლობენ და თვითნებურად აწესებენ ფასს, რამაც გლეხები დააბნია.

ხარისხის მხრივ წელს პრობლემა ნაკლებად იყო წალენჯიხაში და თხილიც იქ შედარებით მეტ ფასად გაიყიდა. თუმცა, როგორც ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, მოსავალი მიილია და თხილის მიღება თანდათან ჭირს.

„თხილის ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იყო და ფერმერებიც ცდილობდნენ მოსავლის გადარჩენას, ფაროსანასთან ბრძოლას ჯერ კიდევ სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ მოსახლეობამ მასობრივად ვერ შეძლო მოსავლის მოვლა, რაც გარკვეულ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ვინც დროულად შეწამლა თხილის ფართობები და შრომა გასწია, შედარებით კარგი მოსავალი მიიღო, მაგრამ რაოდენობრივად – ცოტა.

გაფუჭების შიშით ხალხმა ვერ შეინახა თხილი, უკვე ჩასაბარებელი პროდუქტის დეფიციტია. ამ დროს დღიურად ტონაზე მეტ თხილს ვიბარებდით, ახლა ეს მაჩვენებელი 150 კგ-ს ძლივს აღწევს, საუკეთესო შემთხვევაში კი 200 კგ თხილი შეიძლება შევისყიდოთ. საქმე ისაა, რომ ექსპორტზე ცოტა გადის, ვის უნდა ასეთი ხარისხის თხილი. ევროპულ ბაზრებზე ხომ საუბარი ზედმეტია", - ამბობს „რეზონანსთან" ვასო შელია, თხილის ქარხნის თანამშრომელი.

ზუგდიდელ ლევან ბესელიას თქმით, თხილის მაქსიმალური ფასი 2 ლარს არ აჭარბებს, მაგრამ ხარისხის მომიზეზებით მოვაჭრეები გაცილებით ნაკლებსაც სთავაზობენ გლეხებს.

„ურთულეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. თხილი წელს, პრაქტიკულად, აღარ არის. ვერც მისი შენახვა მოხერხდა, რადგან დროთა განმავლობაში ხარისხი უარესდება და ყველა ცდილობს, რომ მცირე მარაგიც მოიშოროს. ხელისუფლებამ მასობრივად შეწამლა ფართობები, ნამდვილად მოინდომეს, მაგრამ ამან მდგომარეობა დიდად ვერ გააუმჯობესა.

როგორც ჩანს, ფაროსანასთან ბრძოლა ხანგრძლივად მოგვიწევს, 2-3 წელიწადში ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. პირადად მე- 4-ჯერ შევწამლე თხილი, მეტს ვერ გავწვდი. წესით კი, ყოველ 18 დღეში უნდა შეწამლულიყო. დიდი პლანტაცია მაქვს და ხარჯი ვერ გავწიე საკმარისად.

ადრე 3 ტონამდე მოსავალს ვიღებდი, წელს ნახევარი ტონა მოგროვდა. საკვებადაც კი არ გადამინახავს, ერთიანად გავყიდე. სექტემბერში 3 ლარად ძლივს ჩაიბარეს, ახლა ხალხი 2 ლარად ძლივს ყიდის", - ამბობს ლევან ბესელია.

ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გრიშა თოთუა ამბობს, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა თხილის მოსავალზე გახდა დამოკიდებული. ეს ძირითადი პროდუქტია, რისი იმედიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აქვთ, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.

„მუდმივად ვაკვირდები, როდის რა ღირს თხილი და რისი იმედი უნდა მქონდეს სამომავლოდ. მოსავალმა თუ გაამართლა, ამაზე სტაბილური შემოსავალი აქ არაფერია. მეგონა, რომ წლის ბოლოს ფასი ცოტათი მაინც მოიმატებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, რადგან შენახული მოსავლის ხარისხი გაუარესდა.

არ მახსოვს, რომ ნოემბრის ბოლოს თხილი ასე იაფად გაგვეყიდა. ჩვენთან თხილი ძირითადი პროდუქტია. დანაკარგი ყველა ოჯახის მდგომარეობაზე აისახა, ხალხს ძალიან უჭირს", - ამბობს „რეზონანსთან" ხობელი გლეხი.

როგორც აღვნიშნეთ, თხილი ყველაზე იაფი ოკუპირებულ რეგიონშია. გალელების ინფორმაციით, ამჟამად 1 კგ 80 თეთრი ღირს. ხალხი ვერ ახერხებს პროდუქტის ზუგდიდში გადმოტანას, რადგან საზღვრის გადაკვეთის უფლება არა აქვთ. თითო კილოგრამ თხილში 1 ლარს საბაჟო მოსაკრებელის სახით ახდევინებენ.

გალელები იძულებული არიან, პროდუქტს მინიმალურ ფასადაც შეელიონ, რადგან სხვა საშუალება არ აქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ თხილზე იმედს ვერ ამყარებენ, მაგრამ არც სხვა გამოსავალი აქვთ. გალში 2 ლარზე ძვირად, ფაქტობრივად, არ გაყიდულა, როცა სულ რამდენიმე წლის წინ ფასი 10 ლარს აჭარბებდა.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"