საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობის დაფინანსებით სახანძრო ტექნიკა გადაეცა.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, აღნიშნული სახანძრო ტექნიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
"იაპონიის ელჩმა გადმოგვცა სახანძრო კიბე. ეს არის საჩუქარი, რომელიც მოემსახურება ისანი-სამგორს. ეს მნიშვნელოვანი გაძლიერებაა ჩვენი სახანძრო-სამაშველო დანაყოფებისთვის,რადგან ამ ტიპის ტექნიკის მიმართ დიდი მოთხოვნა გვაქვს. ეს ერთ-ერთი ძვირად ღირებული სახანძრო ტექნიკაა. საქართველოს მთავრობა გარკვეულ შესყიდვებს ახორციელებს სახანძრო ტექნიკის გასაახლებლად. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და დონორებთან იმისათვის,რომ მივიღოთ ამგვარი დახმარებები. ძალიან კარგი თანამშრომლობა ჩამოვაყალიბეთ იაპონიის საელჩოსთან და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სახანძრო უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვას",- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
სახანძრო ტექნიკის გადაცემის ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტრენინგ ცენტრში პროექტის "სახანძრო ტექნიკის შეძენა თბილისისთვის" ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა იაპონიის ელჩი საქართველოში ტარაჰადუ უეჰარა.
ელჩის თქმით, პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. მისივე განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„იზრდება თბილისის ეკონომიკა და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, იზრდება საფრთხეებიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობები ჰქონდეთ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ მთავრობას ეფექტურად ებრძოლონ საფრთხეებს. ამიტომ ამ საფრთხეების საპირწონედ მიხარია, რომ განვახორციელეთ ასეთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა ეს ტექნიკა. ამ ტექნიკით მააღალსართულიან შენობებში ხანძართან გამკლავებაა შესაძლებელი", - განაცხადა იაპონიის ელჩმა.