Marriott-ის სტუმრების მონაცემთა ბაზაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა - რა ემუქრება 500 მლნ მომხმარებელს

Marriott International-ის კუთვნილ სასტუმრო Starwood-ის ბრენდის სტუმრების მონაცემთა ბაზაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

როგორც Marriott International-ში აცხადებენ, თავდასხმა 500 მილიონ მომხმარებელს შეეხო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა გატეხეს ბაზა, სადაც სტუმრების შესახებ პერსონალური ინფორმაცია ინახებოდა, მათ შორის, მონაცემები საკრედიტო ბარათების შესახებ. 

სასტუმროს ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის შეტევის გამო საფრთხე ემუქრება სტუმრების საბანკო ანგარიშებს, ამიტომ, ყველა სტუმარს, რომლებიც იმ ბაზაში იყვნენ, რაზეც ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, ამ ფაქტის შესახებ აუცილებლად შეატყობინებენ.

როგორც „მერიოტში“ აცხადებენ, მათ შეტყობინება მომხდარის შესახებ შიდა უსაფრთხოების სისტემის საშუალებით მიიღეს, რომ ვიღაც ცდილობდა Starwood-ის მონაცემთა ბაზაზე წვდომის მოპოვებას. ძიების შედეგად დადგინდა, რომ „არაავტორიზებული პირმა ინფორმაცია დაშიფრა და ასლები გააკეთა“.

როგორც ცნობილია, მონაცემთა ბაზა 500 მილიონამდე მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას მოიცავს. პირად ინფორმაციას შორის არის ვიზიტორების სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები, პასპორტის ნომრები, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, სქესი, დაბადების თარიღი და ჩამოსვლისა და გამგზავრების შესახებ ინფორმაცია.

ზოგიერთი ვიზიტორის მონაცემებს შოპრის არის საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაცია.

„Marriott-მა შეატყობინა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს და აგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, სასტუმროების ქსელმა შექმნა სპეციალური ვებგვერდიც, რომელიც დაზარალებულ მომხმარებელს უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის მომხდარის შესახებ.

Starwood –ი მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთი წამყვანი ქსელია, რომელიც ცნობილ ბრენდებს - Le Méridien-ს, Westin–სა და Sheraton–ს ფლობს. 2015 წელს Starwood-ი Marriott International-მა შეიძინა. მაშინ მიღწეული  გარიგების შედეგად, რომლის ღირებულებად 12,2 მილიარდი დოლარი სახელდებოდა, მსოფლიოში შეიქმნა სასტუმრო ოპერატორის უმსხვილესი ქსელი 5,5 ათასზე მეტი სასტუმროთი 100–ზე მეტ ქვეყანაში.