საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ახალი ფუნქციებით მოუწევს მუშაობა, რომელშიც მისი უფლებები კიდევ უფრო შეზღუდულია.
ახალი პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ყოველთვიურად 6 900 ლარი იქნება.
ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ხელფასით მე-9 ადგილზეა. სარგო კანონით 2013 წლიდან განისაზღვრა, მაშინ როდესაც გიორგი მარგველაშვილს მისი წინამორბედი სააკაშვილისგან განსხავებით, ხელფასი 2 500 ლარით გაეზარდა.
"პრეზიდენტის შემცირებული უფლებები მის ანაზღაურების საკითხზე არ იმოქმედებს. ზოგადად, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების საკითხი მოწესრიგდა კანონით, რომელიც იანვარში ამოქმედდა. ეს კანონი არ გულისხმობს პრეზიდენტისათვის თანამდებობრივი სარგოს ცვლილებას, ანუ იგივე სარგო აქვს რაც აქამდე ჰქონდა. კონსტიტუციური ცვლილებები რომელიც ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, არანაირად არ გულისხმობს პრეზიდენტისათვის ხელფასის ცვლილებას" - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სხვა ხარჯებს, მივლინებასა და სარეზერვო ფონდს - ეს 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით რეგულირდება, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტში მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტზე კენჭიყრა უნდა მოხდეს მაქსიმუმ დეკემბრის მესამე პარასკევს და სწორედ ახალი ბიუჯეტი განსაზღვრავს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციულ ხარჯებს.
პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება 2019 წელს 9 800 000 ლარით განისაზღვრება. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანითაა განსაზღვრული, სახელფასო ფონდი კი 4 692 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად 5 მილიონი ლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 9 800 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2017 წელს კი გაცილებით მეტი - 13 194 600 ლარი. იხილეთ სრულად