ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დროებით გადაიდო

ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები დროებით გადაიდო.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, „ერთ საათზე მეტია შეყოვნებულია მილანის და ბარსელონას მიმართულება. და არ ვიცით, ზუსტად, განხორციელდება თუ არა დღეს ეს რეისები. ასევე ღამით დაგეგმილია კიდევ ერთი რეისი - რიგის მიმართულებით და ესეც არ ვიცით, გადაიდება თუ არა.

აეროპორტში უკვე ჩამოფრინდა თვითმფრინავები დორტმუნდიდან და ბერლინიდან. მგზავრები უსაფრთხოდ არიან, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ქარის გამო ვერ იხსნება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილება, სადაც ბარგია“, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში. 

ქუთაისში, დღეს, 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ქარის სიჩქარე 32 მეტრი წამში იქნება.

„ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი 22:00 საათიდან 23:00 საათის ჩათვლით, შემდეგ კი ქარის სიჩქარე თანდათან დაიკლებს. ამ დროისთვის კი ფიქსირდება 28 მეტრი წამში. ეს უკვე ძლიერი ქარია, რომელიც მიუახლოვდება ძალიან ძლიერი ქარის კვალიფიკაციას - 32 მეტრი წამში“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

მისი თქმით, ძლიერი ქარია ზემო იმერეთსა კოლხეთის დაბლობზე.