ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ოქტომბრის თვის მშპ-ს ზრდის რეალური მაჩვენებელი ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციაზე მიუთითებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 6,7%-იან ზრდაში ბიზნესის აქტივობის წილი დიდია, რაც ასახულია სავაჭრო ოპერაციების მიმართულებით ზრდაში, იგულისხმება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციები. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აჩვენებს მნიშვნელოვან ზრდას და სექტორები, რომლებიც ითვლება წამყვან სექტორებად საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენ იმედი გვაქვს რომ გარემო, და მთავარი - პოლიტიკური გარემო იქნება სტაბილური, რაც მიცემს ბიზნესს მუშაობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელების საშუალებას“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ბიზნესომბუდსმენი ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის ხელშემწყობ ფაქტორებსაც ასახელებს და ამბობს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით რეგიონში საქართველო საუკეთესო ადგილად ითვლება, რომელსაც მსოფლიო ბანკის Doing Business -ის რეიტინგი ადასტურებს.
„გადასახადების დონე, შრომის ღირებულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ზოგადად ქვეყნის მიდგომა რომ ბიზნესისთვის იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები - ჯამში ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის ამ ზრდის მაჩვენებელს და მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და ინციატივები, რომლებიც ეხება ბიზნესს იქნება ოპტიმალური და ასევე შეთანხმებული ბიზნესთან, რათა კერძო სექტორს ჰქონდეს პროგნოზირებადი გარემო გრძელვადიანი საქმიანობის დასაგეგმად“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 303 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, 14.1%-ით გაზრდილია შემოსავლები ტურიზმიდან, რაც 246 მლნ აშშ დოლარს შეადგინს. 11%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და 116.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 13.9%-ითაა გაზრდილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა.