ქედის ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა შემუშავდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მეთაურობით, აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ქედაში გაიმართა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გასვლით სხდომაზე რეგიონის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს სპეციალური პროგრამის შემუშავება დაავალა, რომელიც აჭარაში ღვინის ტურიზმის უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს.

„მეღვინეობის კუთხით, მომავალ წელს შემუშავებული იქნეს სპეციალური პროგრამა, რომლის საფუძველზეც ქედაში უფრო მეტი დინამიკა, უფრო მეტი შედეგი გვექნება მეღვინეობის განვითარების კუთხით. მეღვინეობა იქნება სწორედ ის წინაპირობა, რომელიც სოფლად ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ეკონომიკის მინისტრს მახუნცეთის განვითარების გეგმაზე და ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაავალა. მისი თქმით, ქედა უამრავ ტურისტს მასპინძლობს, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი და მიზანმიმართული განვითარება, რასაც წინასწარ გაწერილი სტრატეგია და მეღვინეობის განვითარების მიზნით შემუშავებული სპეციალური პროგრამა შეუწყობს ხელს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ახალი განვითარების გეგმით მახუნცეთი უნდა გახდეს ტურისტული მიმზიდველობის ცენტრი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის სტუმრებისთვის.