საქართველოში თაფლის სრული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ერთ წელიწადში იქნება შესაძლებელი

„ერთ წელში საქართველოში თაფლთან დაკავშირებით ყველანაირი ლაბორატორიული კვლევის განხორცილეება იქნება შესაძლებელი“

- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშივილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული ლაბორატორია გასცემს სერთიფიკატს, რომელიც ევროპის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა მისივე განმარტებით, ანალიზების ნაწილი შთანხმებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, საზღვარგარეთ მდებარე აკრედიტებულ ლაბორატორიებში ტარდება.

„ჩვენი ლაბორატორია იღებს განაცხადს და გასცემს ისეთ სერთიფიკატს, რომელიც ევროპას სჭირდება. მწარმოებლისთვის და ექსპორტიორისთვის შეზღუდვა არ არსებობს იმ კუთხით, რომ ევროპაში გაიტანოს თაფლი, ხოლო ის, თუ რამდენი ანალიზის გაკეთება ხდება ჩვენთან და რამდენის საშუალება გვექნება უახლოეს პერიოდში, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. ქართულ ლაბორატორიას გააჩნია ხელშეკრულებები, შეთანხმებები აკრედიტებულ ლაბორატორიებთან და ჩვენ, ისე რომ დისკომფორტი არ შეექმნას განმცხადებელს, გავცემთ სერთიფიკატს. ერთ წელიწადში კი ამ ანალიზებს, სრულფასოვნად ჩვენ თვითონ გავაკეთებთ.“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თითქმის ორი წელია, რაც ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ქართველი მწარმოებლები ლაბორატორიული კვლევების წარმოების პრობლემას ასახელებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი მეწარმეების ამგვარ არგუმენტებს სპეკულაციებს უწოდებს. ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ფერმერებს ლაბორატორიული დასკვნების კუთხით არანაირი შეფერხება არ ექმნებათ.

„არის ერთგვარი ცრუ სპეკკულაცია და ხშირ შემთხვევაში გადაბრალება სხვა მიმართულებით. ჩვენ რეალურად სხვა ნაწილში გვაქვს პრობლემა, უნდა მივხედოთ უკეთეს კონტროლს დამაბინძურებლებისა და ვეტერინარული პრეპარატების. უკეთესად უნდა ვისწავლოთ მეფუტკრეობა. ცოდნის ამაღლებაა ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვაწარმოოთ მეტი და უკეთესი ხარისხის თაფლი. ეს არის ჩვენი გამოწვევა და არა ლაბორატორიული ანალიზები.“-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქრისტინე გამთენაძე