პირველი იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულის უბედური შემთხვევა დააზღვიოს. ამას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ითვალისწინებს.
დღეისათვის უცნობია, რა ლიმიტით და როგორი პირობებით ამოქმედდება სავალდებულო დაზღვევა. სადაზღვევო კომპანიებს მიაჩნიათ, რომ კანონი ბუნდოვანია და შესაბამისად, კონკრეტული სტანდარტების შემოღებას ითხოვენ.
„ჩვენ გვაინტერესებს, რა ლიმიტით, რა პირობებით მოხდება ამ კანონის ამოქმედება, თუმცა დღეს ეს ყველაფერი ძალიან ზოგადია. ვაკვირდებით ტენდენციას, რომ კომპანიებმა უკვე დაიწყეს ძალიან დაბალ ლიმიტიანი და არაფრის მომცემი პოლისების შეძენა, რაც სარგებელს არ მოუტანს არც დამსაქმებელს, არც დასაქმებულს, არც სადაზღვევო ინდუსტრიას და არც სახელმწიფოს“, - განაცხადა სადაზრვევო კომპანია „ჯი პი აის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თინა სტამბოლიშვილმა.
მისივე განმარტებით, სადაზღვევო ინდუსტრია უბედური შემთხვევის დაზღვევის შეთავაზებისთვის მზად არიან.
„თუ არის საუბარი იმაზე, რა სახის ლიმიტი უნდა არსებობდეს, ეს უნდა იყოს გარდაცვალების შემთხვევისას წლიური ხელფასის სამიდან ხუთმაგი ოდენობა და უფრო იზრდება ეს ლიმიტი, როდესაც საქმე გვაქვს შრომის უნარის დაკავრგვის შემთხვევასთან“, - აცხადებს სტამბოლიშვილი.
სადაზღვევო კომპანიებში ამბობენ, რომ დამსაქმებლებს უბედური შემთხვევის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე ათჯერ ან ოცჯერ იაფი დაუჯდებათ და ეს თანხა წლიურ ჭრილში, კონკრეტულ ადამიანზე, 10 ლარს არ გადააჭარბებს.
კომპანიებისთვის სადაზღვევო პაკეტის ფასისა და ასანაზღაურებელი ზარალის ლიმიტის დაწესებას ეწინააღმდეგებიან დამსაქმებელთა ასოციაციაში. ასოციაციის ვიცე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი ბაზარმა თავად უნდა დაარეგულიროს.
მიშა კორძახიას განცხადებით, კანონის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ უკეთესი ექსპერტების და თანამშრომლების აყვანა, უკეთესი შეთავაზებების გაკეთება იმისთვის, რომ განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რა პაკეტი შესთავაზონ იმ ბაზარს, რომელზეც 2019 წლიდან კანონი გავრცელდება.
მისი თქმით, უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებით დამსაქმებლებს ხარჯი გაეზრდებათ, თუმცა ბიზნესს სხვა არჩევანი აღარ აქვს და პირველი იანვრიდან უკვე ვალდებულია, რომ ეს ხარჯი გაიღოს.
ქრისტინე გამთენაძე