რა არის და რა უნდა ვიცოდეთ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შესახებ?

თანამედროვე ეპოქაში მოქალაქეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების, მისი არსისა და სამართლებრივი ბუნების შესახებ.

როგორც საადვოკატო ბიურო OK&CG-ში აცხადებენ, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობისთვის დებენ ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევას და მჩუქებლისათვის ნაკლებად ქმნის სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

OK&CG-ს იურისტების განმარტებით, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა სამისდღეშიო სარჩო სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს) გადაუხადოს. სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები კი მხარეთა შეთანხმებით დგინდება.

„სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ძირითადად, იმ შემთხვევაში იდება, როდესაც სარჩენი პირი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს დახმარებას; არის შრომისუუნარო ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვლას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში იგი აფორმებს რჩენის ხელშეკრულებას მარჩენალ პირთან, რომელსაც რჩენის მოვალეობის სანაცვლოდ გადასცემს თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღსანიშნავია, რომ მარჩენალი ნებისმიერი პირი შეიძლება იყოს და ნათესაური კავშირი აუცილებელი არ არის.

მეორე მხრივ მარჩენალი ვალდებულია ამ ქონების სანაცვლოდ სარჩენ პირს სარჩო უხადოს, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით. სარჩოს ფულადი სახით განსაზღვრისას მხარეები თანხმდებიან თანხის გადახდის ვადებსა და მის ოდენობაზე. შესაძლებელია განისაზღვროს თანხის გადახდა ყოველთვიურად. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება ასევე დადგინდეს ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამ შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში,“- აცხადებენ იურისტები.

აღსანიშნავია, რომ სარჩენი პირის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არ აქვს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, დაუშვებელია მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების ამ ქონებაზე მიქცევა.

ამასთან, როგორც იურისტები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ მარჩენალი გარდაიცვლება სარჩენი პირის რჩენის ვალდებულება მის იმ მემკვიდრეებზე გადადის, რომლებმაც გადაცემული ქონება მიიღეს. გარდაცვლილი მარჩენალი პირის მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქონება სარჩენ პირს უბრუნდება და ამ დროს ხელშეკრულება წყდება.

„სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში კი ხელშეკრულება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისთვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს,“-აღნიშნავენ იურისტები.