იაპონიაში უამრავი ცარიელი საცხოვრებელი სახლია, ხალხის რაოდენობა კი არასაკმარისია იმისათვის, რომ არსებულ სახლებში იცხოვრონ.
ქვეყნის პროვინციებში, სოფლებსა და სუბურბანულ ტერიტორიებზე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა დაბალია. ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანების დიდ ქალაქებში მიგრაციაა. შესაბამისად, როცა მოთხოვნა დაბალია, უძრავი ქონებაზე ფასებიც ეცემა. აქ მცხოვრებ ადამიანებს თუნდაც მემკვიდრეობით მიღებული ძველი სახლების მოვლა-პატრონობის სტიმულიც კი არ აქვთ. შესაბამისად, სახლები რჩება ცარიელი. ადგილობრივი ხელისუფლება კი გამოუვალ ვითარებაშია. მათ არა აქვთ უფლება მესაკუთრეების უფლების გარეშე იქ ვინმე შეასახლონ ან გაარემონტონ, ან კიდევ მისი დემონტაჟი განახორციელონ.
როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი წერს, თუ მაგალითად მოქალაქე ტოკიოში ცხოვრობს და ამავდროულად მემკვიდრეობით იღებს სახლს სხვა ქალაქში, დიდია ალბათობა იმისა, რომ მეორე სახლზე უარი თქვას, თუნდაც იმიტომ, რომ არ გადაიხადოს მეორე საცხოვრებლის გადასახადი, რომელიც იაპონიაში მოქმედებს.
ამ ვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობაც. თუ მე-20-ე საუკუნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა 40 მილიონიდან 127 მილიონამდე გაიზარდა, ახლა ის სწრაფი ტემპით იკლებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მაშინ 2100 წლისთვის იაპონიის მოსახლეობის რაოდენობა 85 მილიონამდე შემცირდება.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლისთვის იაპონიაში 7,5 მილიონი ცარიელი სახლი იყო. 2013 წლისთვის კი მათმა რიცხვმა 8,2 მილიონს მიაღწია.
სწორედ მსგავსი ცარიელი სახლების გაყიდვას ცდილობენ უძრავი ქონების სააგენტოები, ისინი მსურველებს სთავაზობენ უფასოდ ცარიელ სახლებს, ახალ მფლობელებს მხოლოდ გადასახადების და სააგენტოსთვის ანაზღაურების გადახდა მოუწევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახლების უმრავლესობა შესაკეთებელია, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი წლებია უკვე ცარიელი და მოუვლელია.
ცნობისათვის, იაპონია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პრობლემას აწყდება. მსგავსი სიტუაცია გვხდება იტალიაშიც, სადაც ხშირ შემთხვევაში ასეთი სახლები 1 ევროდაც კი იყიდება.
კოკა კვირკველია