ყატარი OPEC-ს ტოვებს

ყატარი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, OPEC-ს ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება მნიშვნელოვან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კეთდება. ამ შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა სანავთობო ბაზარზე კარტერულ გარიგებებზე უნდა იმსჯელონ.

ყატარის ენერგეტიკის მინისტრის საად შერიდა ალ-ქააბის განცხადებით, მისი ქვეყანა ოპეკს 2019 წლის 1-ელ იანვარს დატოვებს. გადაწყვეტილება ყატარის განსხვავებულ ხედვებს უკავშირდება მის როლზე გლობალურ ბაზარზე.

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით,  ეს ნაბიჯი იქნება ტექნიკურ-სტრატეგიული და არა პოლიტიკურად მოტივირებული. მისივე თქმით, „აღნიშნული გადაწყვეტილება ასახავს კატარის სურვილს, ძალისხმევა გაამახვილოს ბუნებრივი აირის წარმოების განვითარებასა და გაზრდაზე მომდევნო წლების განმავლობაში“.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში - OPEC-ში  შედიან ნავთობმწარმოებელი ქვეყნები - ალჟირი, ანგოლა, ინდონეზია, ირანი, ერაყი, ქუვეითი, ლიბია, ნიგერია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეკვადორი და ვენესუელა. 1965 წლიდან ოპეკის საერთაშორისო შტაბ-ბინა ვენაში, ავსტრიაში, მდებარეობს.

ოპეკი 1960 წელს შეიქმნა, ორგანიზაციაში თავდაპირველად ირანი, ერაყი, საუდის არაბეთი და ვენესუელა შედიოდნენ. ყატარი ოპეკს 1961 წელს შეუერთდა. ის ორგანიზაციის წევრი უკვე 57 წელია არის. 

კოკა კვირკველია