თიზ-ების შესახებ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
როგორც თბილისის ინდუსტრიულ ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კანონი საკამოდ მოძველებულია და მთავრობა დაინტერესებულია, რომ მისი განახლება მოხდეს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე ერთი თვის წინ პარლამენტში შეხვედრაც შედგა, სადაც კომპანიებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ კანონი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს, გიორგი ტაბიძე ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ადგილობრივ ნედლეულზე გარკვეული შეღავათები დაწესდება. მისი თქმით, ამით თიზ-ის კომპანიებსაც მეტი მოტივაცია ექნებათ, რომ წარმოებაში არა იმპორტირებული, არამედ ადგილობრივი ნედლეული გამოიყენონ.
„კანონში ბევრი რაღაც მოძველებულია, რისი შეცვლაც შეიძლება. მაგალითად, ადგილობრივ ნელეულის შეტანაზე 4 % გადასახადია, თუნდაც აქ, გარკვეული შეღავთები რომ დაწესდეს, თიზ-ის კომპანიებსაც სტიმული მიეცემათ, რომ ქართული ნედლეული შეიძნონ. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთი თვის წინ ჩვენ შეხვედრაც გვქონდა პარლამენტში, სადაც ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ. დაინტერესება თავად მთავრობის მხრიდან წამოვიდა, თუმცა პროცესი ჯერ იმდენად საწყის ეტაპზეა, ცვლილებების შეტანა როდისთვის იგეგმება, არ ვიცი. რომ გითხრათ, ძველი კანონი კატასტროფულ პირობებს გვიქმნის-მეთქი, ასეც არ არის. იმიტომ, რომ თბილისი გაცილებით მარტივი ასამუშავებელია, აქ კომპანიებიც, პროექტებიც პატარაა, არ საჭიროებს დიდი ინვესტიციებს, თუმცა მაგალითად ფოთში, სხვა ვითარებაა, ის 4-ჯერ დიდია. ამიტომ, ვფიქრობ, კანონში ცვლილებები კარგი იქნებოდა“,- ახადებს გიორგი ტაბიძე.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2015 წლის ბოლოს გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა.
ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" მიენიჭა.
ამ დროისთვის, თბილისი თიზ-ში 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთაც თავისუფალი ზონა გარკვეულ პრიორიტეტებს ანიჭებს. კერძოდ:
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან; გარდა ამისა, საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში;
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის ვაჭრობა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს არ აქვთ თანამშრომლების პირადი საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების ვალდებულება; თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები არ არიან ვალდებულნი შეაფასონ და გადაიხადონ დაბრუნებადი გადასახადი დღგ-ზე; ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ-გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით.
ამასთან, საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.