თბილისის მერია მომავალი წლის ბოლომდე 750 ერთეულ ახალ ავტობუსს შეიძენს, რითაც არსებული ავტოპარკი მთლიანად განახლდება და მათ რაოდენობა კიდევ 200 ერთეულით გაიზრდება.
„2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მოგვარება, განახლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გვაქვს გადადგმული. არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო 6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელისძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე რვა და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.
2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება; სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს.
„უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები - შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო. ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თბილისის „მეტროპოლიტენსაც“ შეეხება. კერძოდ, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება; 2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.
საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს; დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი.
„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.
მიმდინარე წელს, ასევე, ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო; ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი; ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების მიზნით დაწესდა შეღავათები - ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ნებართვის მოსაკრებელი ნახევრდება, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს.
„როდესაც ტაქსების რეფორმაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ რა შეღავათებს მიიღებენ ტაქსის მძღოლები თბილისის მერიისგან. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უკვე გამოიყო სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები. ნებართვის მფლობელი ტაქსის მძღოლები გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან. ავტომანქანებზე ასევე, გამოიყოფა სარეკლამო ადგილები. მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა და აღნიშნა, რომ რეფორმის განხორციელების შედეგად, დედაქალაქში სუფთა და მოწესრიგებული ტაქსები იმოძრავებენ.