საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დედაქალაქის მერის ერთი წლის შეჯამების შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დედაქალაქის მერმა დღეს 1 წელი შეაჯამა, მათ შორის ისაუბრა ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიღწევებზე. მის მოხსენებაში იყო უზუსტობები. ბევრ აქტუალურ საკითხს საერთოდ გვერდი აუარა. ამიტომ წარმოგიდგენთ პრობლემათა იმ ჩამონათვალს, რომელიც ან აქამდე უნდა მოგვარებულიყო და არ მოგვარებულა, ან მერი თვლის რომ გადაჭრა პრობლემა და სინამდვილეში ასე არ არის. ამიტომ 1 წელი შევაჯამოთ რეალურად.
1.დედაქალაქს, დღემდე არ აქვს ტრანსპორტის განვითარების გეგმა ან მასტერ-პლანი როგორც მას უწოდებენ (აცხადებენ რომ მიმდინარეობს მუშაობა)
2.საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმრავლესობამ ვერ გაიარა და ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას
3. ჯერჯერობით არ განახლებულა ავტობუსების პარკი, თუმცა ვიცით რომ 90 ავტობუსი უკვე შეძენილია
4. საგზაო-სამშენებლო სამუშაოები ვერ ჩაეტია დათქმულ ვადებში (15 სექტემბრამდე) და რიგ შემთხვევაში ჩატარდა ძალიან უხარისხოდ. მუშაობისას დარღვეული იყო უსაფრთხოების სტანდარტები, რაც გახდა არაერთი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი
5. საგზაო მონიშვნები და საგზაო ნიშნები ხშირ შემთხვევაში კეთდება არასწორად. მაგალითად ასეთი ადგილი იყო თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც არასწორი (არასრულყოფილი) საგზაო მონიშვნების გამო მძღოლები ჯარიმდებოდნენ უსამართლოდ.
6. ჯერ კიდევ საგზაო მონიშვნები კეთდება უხარისხო მასალებით, ის მალე იშლება. ასეთი საგზაო მონიშვნები არ აღიქმება კარგად, დაბალია შუქამრეკლობის ხარისხიც
7. საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით კეთდება ზებრა-გადასასვლელები, რაც ნაცვლად უსაფრთხოების დაცვისა, წარმოადგენს საფრთხეს ქვეითისთვის
8. არ მოწესრიგებულა მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესობა. გადასასვლელებში არის ანტისანიტარია და არის სარემონტო. აბსოლუტურად ყველგან დარღვეულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვა ვერ ჩაითვლება დიდ მიღწევად.
9. ვერ მოგვარდა ქვეითისთვის ტროტუარების განთავისუფლების საკითხი. ტროტუარების უმეტესობა ოკუპირებულია ავტომობილების მიერ, რაც არღვევს ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებას
10. არ მოგვარებულა ზოგადად პარკირების პრობლემა. "სითი პარკის" გასვლით და სატრანსპორტო კომპანიის მენეჯმენტის პირობებში შეიცვალა მხოლოდ სახელი და არა სისტემა (თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ წარმოადგენენ პარკირების ახალ გეგმას)
11. პარკირების ადგილები მითვისებულია კერძო თუ იურიდიული პირების მიერ და ამ ადგილებით ვერ სარგებლობენ სხვა მოქალაქეები. კვლავ გაურკვეველია სტაიანშიკების ფუნქცია და მათი როლი
12. კვლავ გაიცემა ნებართვები იმ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე, რომელთაც არ აქვთ პარკირების ადგილები. მაგალითისთვის გამოდგება ნინო ჟვანიას ქუჩა სადაც კორპუსების უმრავლესობას არ აქვს პარკირების ადგილები. ასეთი ნებართვების გაცემის წინ არ ხდება წინასწარი კვლევების ჩატარება, არ ხდება გაანგარიშება თუ რამდენად იქნება ქუჩა გამტარუნარიანი მომავალში.
13. ავტობუსის ზოლებში (Bus Lane) პარკირებულია ავტომობილები, რაც პირდაპირ ანადგურებს ავტობუსების სწრაფად გადაადგილების იდეას
14. საცობების განმუხტვის მიზნით ვერ დაინერგა დასუფთავების სამსახურის ღამის საათებში მუშაობის მოდელი. ასევე ვერ მოწესრიგდა ნაგვის ბუნკერების (ურნების) განთავსება ისე, რომ ისინი არ იკავებდნენ პარკირების ადგილს ან ავტომობილისთვის განკუთვნილ სავალ გზას (მაგალითად ჭონქაძის ქუჩა).
15. მცდელობის მიუხედავად ვერ განხორციელდა დისტრიბუციის ავტომობილთა სამუშაო გრაფიკის შედგენა და დანერგვა, საცობების განმუხტვის მიზნით.
16. დაიწყო ტაქსების ლიცენზირება, რომლის მიხედვითაც მძღოლებს პირველ ეტაპზე დაევალათ ლიცენზიის გაკვრა ავტომობილის სალონში გამოსაჩენ ადგილზე. ჩვენი დაკვირვებით მძღოლთა უმეტესობა ამ დავალებას არ ასრულებს, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს რომ ვერ ხდება კანონის აღსრულება. კვლავ ბუნდოვანია როგორ გახდება ტაქსი უფრო უსაფრთხო ასეთი სალიცენზიო პირობებით.
17. არ განხორციელდა ტრანსპორტის ან ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამსახურების (ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, სატრანსპორტო კომპანია, ინფრასტრუქტურის სამსახური) რეფორმირება. მენეჯმენტი მოქმედებს გასული საუკუნის მეთოდოლოგიით, არ არის აღჭურვილი სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ვერ პასუხობს გამოწვევებს თანამედროვე მიდგომებით
18. თბილისის მერმა გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება რომ ითანამშრომლებდა არასამთავრობო სექტორთან და მისი კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა მას ეს არ შეუსრელებია. ჩვენ მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს პასუხობს აგრესიით. ის ხშირად საჯაროდ გვაყენებს შეურაცხყოფას (უსაქმურები, უცოდინრები, არაფრის მაქნისები, პარტიულები და სხვა მრავალი) არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რაც ხელს უშლის ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის სწორად განვითარებას.
უნდა გამოვყოთ რამდენიმე დადებითი პუნქტი: 1. ავტობუსების პარკის და მეტროს შემადგენლობების განახლების გეგმა 2. ქალაქში ავტობუსების ზოლების მატება (თუმცა კანონის აღსრულება სუსტია და აქ პარკირებულია ავტომობილები) 3. "გადაწყვეტილებები მიიღება კვლევებზე დაყრდნობით"- მოსაწონი განცხადებაა, მაგრამ ეს კვლევები ჯერჯერობით არ გვინახავს." - წერს მესხიშვილი.