პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3,800 მლნ ლარით მცირდება, სარეზერვო ფონდი კი საერთოდ უქმდება.ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოო გადამუშავებულ ვარიანტში.
როგორც პროექტში ვკითხულობთ, მომავალ წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნაცვლად 9,8 მლნ ლარისა, 6 მლნ ლარით დაფინანსდება.
ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, 60-მდე შემცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი მუშაობს.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.
ცნობისათვის, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორადი ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი იყო 9 800 000 ლარი. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა 140 ადამიანით იყო განსაზღვრული. რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, მეორადი პროექტის მიხედვით, მისი მოცულობა წინა წლების ანალოგიურად, 5 მილიონი ლარი იყო.
თუმცა ახალი ვარიანტით, ფონდი საერთოდ გაუქმდა, ადმინისტრაციის დაფინანსება კი 3,8 მლნ ლარით შემცირდა.
ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში არჩევნებიდან ორ დღეში 30 ნოემბერს აისახა, როდესაც პარლამენტში დოკუმენტის მესამედ გადამუშავებული ვარიანტი შევიდა.