მობილურის სიმ-ბარათებს დამატებითი ფუნქციები გაუჩნდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მობილური იდენტიფიკაციისა და ხელმოწერის სისტემის - პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის, ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 ივნისს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 5 785 230 ლარი იყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ ეტაპზე, ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. ცნობისთვს ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო “იუჯითის“; შპს „ენ ჯი თი გრუპის“; „გრინ დისტრიბუშენის“ Netas Telekomunikasyon A.S.-ს დისკვალიფიკაცია მოხდა. შესაბამისად, ტენდერში გაიმარჯვა ფრანგულმა IDEMIA FRANCE SAS-მა, რომელსაც ყველაზე მეტი - 4 781 000 ლარი ჰქონდა შეთავაზებული.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, აღნიშნული შესყიდვა გულისხმობს, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის (შემდგომში Mobile-IAS სისტემა) მოწოდებას; მისი დანერგვის შემდეგ ტექნიკურ საკონსულტაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას.
„აუცილებელია, Mobile-IAS სისტემას შეეძლოს ფიზიკური პირებისთვის, რომელთა მფლობელობაში არსებულ SIM ბარათებზეც გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატები, უსაფრთხო ელექტრონული ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის უზრუნველყოფა, მობილური ტელეფონისა და მსგავსი მოწყობილობების საშუალებით, რომლებიც აღჭურვილია მობილური ფუნქციონალით. აუცილებელია, PKI-SIM-GEO - აღჭურვილი იყოს ყველა საჭირო ფუნქციონალური შესაძლებლობით (მათ შორის, მასში ჩატვირთული იყოს JavaCard აპლეტები და ა.შ.) რათა მხარდაჭერილი იყოს, სულ მცირე: დისტანციური პერსონალიზაცია, სუბიექტის გასაღების წყვილების გენერაციის ჩათვლით, ხელმოწერების დისტანციური გენერირება სუბიექტის გასაღების წყვილების გამოყენებით და ა.შ.
პრე-პერსონალიზაციის ეტაპზე ყოფნისას PKI-SIM-GEO -ს უნდა გააჩნდეს მათ შორის შემდეგი შესაძლებლობები: აუცილებელია, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელიც ცალსახად აიდენტიფიცირებს კონკრეტულ ერთეულს გლობალური მასშტაბით, იქნეს ისეთი ფორმით ჩატვირთული, რომ შეუძლებელი იყოს მისი შეცვლა. აუცილებელია, საიდენტიფიკაციო ინფორმაცია იქნეს სტრუქტურიზებული ისე, რომ ის აიდენტიფიცირებდეს PKI-SIM-GEO - ს წარმოებაში ჩართულ ყველა პირს, პრეპერსონალიზაციის სასიცოცხლო ციკლის ეტაპზე პასუხისმგებელ პირამდე (ჩათვლით). ზემოხსენებული საიდენტიფიკაციო ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი სტანდარტული ბარათის წამკითხველი მოწყობილობის გამოყენებით, ასევე OTA-ს მეშვეობით SMS ტრანსპორტზე დაყრდნობით, სტანდარტული ტერმინალის (მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი) გათვალისწინებით,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
თაია არდოტელი