11 თვეში ლარი დოლარის მიმართ 2.7%-ით გაუფასურდა

2018 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, 11 თვეში ლარი დოლარის მიმართ 2.7%-ით გაუფასურდა.

ამის შესახებ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და აშშ დოლართან მიმართებაში 2.45 ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდა, თუმცა ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო (აშშ-ის მიერ თურქეთისათვის დაწესებული სანქციები), 2018 წლის აგვისტოდან ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და ნოემბრის მდგომარეობით 2.66-ის გარშემო მერყეობს.

„მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ევროსთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე, გასული წლისგან განსხვავებით, გაუფასურების ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის 1 იანვრიდან მოყოლოებული, 11 თვეში, ლარი აშშ დოლარის მიმართ 2.7 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 3 პროცენტით გამყარდა. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 8.4 პროცენტით გამყარდა. გამყარებულია ასევე რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც და გამყარება ოქტომბრის მდგომარეობით 3.0 პროცენტს შეადგენს,“-აღნიშნულია დოკუმენტში.