თამბაქოს აქციზის ზრდის პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.
ეს ნიშნავს, რომ იაფ სიგარეტზე მომხმარებელს წვდომა კიდევ შეეზღუდება, თუმცა ასეთი ნაბიჯებით მოხმარების მასშტაბის შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სანაცვლოდ, დიდია ალბათობა იმისა, რომ კონტრაბანდა გაიზარდოს, რამაც ბოლო წლებში ისედაც არანორმალურად მოიმატა. ოფიციალურად დასტურდება, რომ თამბაქოს კონტრაბანდა ბოლო 2 წელიწადში 20-ჯერ და მეტადაც არის გაზრდილი.
მართალია, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის შესახებ ოფიციალურად არ თქმულა, თუმცა ფინანსთა მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თამბაქოს აქციზის ზრდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებათაგანია, პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება, რაც „ბიზნეს-რეზონანსს" სპეციალისტებმაც დაუდასტურეს.
„ჩვენ რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული ინფორმაციის თქმა არ შემიძლია. როგორც კი მეტი გვეცოდინება… ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გადასახადის ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად ვათანხმებთ მათთან და თუ რამე ცვლილება იქნება, იქნება სასიკეთოდ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამ ეტაპზე საუბარი მიდის იმაზეც, რომ უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზი გათანაბრდეს, რაც ფასზეც აისახება და უფილტრო და ფილტრიანი თამბაქოს ღირებულება ერთმანეთს გაუტოლდება.
ასეთ შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მოიმატებს კონტრაბანდის მასშტაბიც და 2-3 წელიწადში იგი დაახლოებით 50-ჯერ გაიზრდება.
მით უმეტეს, ცნობილია, რომ სიგარეტის კონტრაბანდის საფრთხე დიდია ოკუპირებული რეგიონების საზღვრებიდანაც, საიდანაც დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი გადმოაქვთ. სამეგრელოში ასეთი პროდუქტი თითქმის ყველგან იყიდება მიუხედავად იმისა, რომ კონტროლი გაძლიერებულია. უშუალოდ კონფლიქტის ზონაში მოსახლეობა მასობრივად კონტრაბანდულ სიგარეტს მოიხმარს.
ცხადია, კონტრაბანდის რისკი დიდია მეზობელი ქვეყნებიდანაც, სადაც სიგარეტი გაცილებით ნაკლებ ფასში იყიდება და სხვაობა 1,30 ლარს აჭარბებს.
არალეგალური პროდუქციის შემოდინების ზრდის საფრთხეზე საუბრობს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, რომლის შეფასებითაც, მომხმარებელი იაფი თამბაქოს ყიდვას ყველა ხერხით შეეცდება და არც მოხმარებაზე იტყვის უარს, რა მაჩვენებლითაც უნდა გააძვირონ.
„მთავრობის მიერ გაწერილი სტრატეგიით, აქციზი პერმანენტულად უნდა გაიზარდოს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელსაც აქციზის განაკვეთის ზრდა მოსალოდნელია. რამდენით მოიმატებს გადასახადი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ზრდა აუცილებლად იქნება. ცხადია, ეს ფასზეც აისახება. გადაწყვეტილებაც მიზანმიმართულად ამას ემსახურება.
მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ფასი (სხვაობა დაახლოებით 1,30 ლარია), რაც კონტრაბანდის რისკს აორმაგებს. ეს საფრთხე მომავალ წელს კიდევ უფრო მოიმატებს. სტატისტიკა ამას ადასტურებს და შემოსავლების სამსახური ამ გამოწვევას თავს როგორ გაართმევს, ვერ გეტყვით. როგორ უნდა გაკონტროლდეს მომძლავრებული კონტრაბანდა? არ დაგვავიწყდეს, რომ ამას სჭირდება ადამიანური რესურსი, რომელიც ამოუწურავი ნამდვილად არ არის.
როდესაც აქციზს რაიმე კუთხით ვზრდით, შესაბამისად, გვეზრდება შავი ბაზრისა და კონტრაბანდის რისკიც. სტატისტიკა ამას ადასტურებს. მაგალითისთვის, 2014 წელთან შედარებით, 2017 წელს კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა 48-ჯერ იყო გაზრდილი. ესეც უკვე იძლევა თვალსაჩინო სურათს, თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე ამ მიმართულებით.
თუკი ამას ჯანსაღი ცხოვრების სტიმულირებისთვის ვაკეთებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაძვირება იწვევს არა მოხმარების შემცირებას, არამედ ხარისხის დაცემას, რამდენადაც მყიდველი უფრო დაბალხარისხიან სიგარეტზე გადადის. რამე პროდუქტზე თუ რამდენიმეჯერ გავზრდით აქციზს და საბოლოოდ ფასი რამდენიმეჯერ გადააჭარბებს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, უნდა ვიცოდეთ, რომ უდიდესი კონტრაბანდული რისკი დაგვიდგება. ამის გაუთვალისწინებლობა არაფრით არ შეიძლება. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება კი გამოიწვევს ამ პროცესების კიდევ უფრო დაჩქარებას", - მბობს „ბიზნეს-რეზონანსთან" ბაირახტარი.
დღეს უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი თუ 60 თეთრია, ფილტრიანისა 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს. როდესაც მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს ყიდულობს, მას ფილტრი საჩუქრად მოჰყვება. ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით გაცილებით დაბალია.
სწორედ ამ საკითხზე მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, თუ რამდენად შესაძლებელია, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთი ერთმანეთს გაუთანაბრდეს. ამით ბიუჯეტში დამატებითი თანხის მობილიზებას გეგმავს, მაგრამ ეს მომხმარებლისთვის მორიგი დარტყმა იქნება.
„ბიზნეს-რეზონანსმა" ფინანსთა სამინისტროს აქციზთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვით მიმართა, მაგრამ, როგორც წესი, მათგან პასუხი ვერ მიიღო. წლები გადის, სამინისტროს ხელმძღვანელები იცვლებიან, მაგრამ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა ამ უწყებაში ვერაფრით ისწავლეს.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"