აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს ხანძრით დაზარალებული 48 ოჯახისთვის 377 042 ლარის კომპენსაცია გასცა

აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 2018 წელს ხანძრით დაზარალებული 48 ოჯახისთვის 377 042 ლარის კომპენსაცია გასცა.როგორც აჭარის მთავრობიდან იუწყებიან, მიმდინარე წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარი გამოყო.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა. მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.

„სამწუხაროდ ხანძარმა ხუთივე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ჩვენ თითოეულ მათგანს დადგენილებით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას - 10 000 ლარს გამოვუყოფთ. კომისიის რეკომენდაციით, ჯამში 50 000 ლარი გაიცემა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელ ჭახაურში მცხოვრებ ოჯახს, სადაც ტრაგედია დატრიალდა, დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუწია“, - აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, ზაალ მიქელაძემ.