11 თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა

იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და 8,105,829 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ კი, 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ასევე, სააგენტოს ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე.

„11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების მიმართულებით საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააჭარბა 8 მილიონს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ზოგადად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.2%-ით არის გაზრდილი“,-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%), აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%, რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%, ლატვია +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +117%, ჩინეთი +80%, ბელორუსი +43%, ისრაელი 33%, ყაზახეთი +24% და აშშ +24%. 2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში 598,312 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 485,319 შეადგინა, ზრდა +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 307,272 შეადგინა, რაც 37,671-ით მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14%). ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2 მილიარდ 817 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1 მილიარდ 361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.2%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.