ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადად რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს.
როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესომბუდსმენის აპარატს განცხადებით მომართა ა(ა)იპ ქართულ მაღაზიათა ასოციაციამ.
„მათ მიერ, მოქმედი სანქციების შემსუბუქების მიზნით, შემოთავაზებულია წინადადება, რომლის მიხედვით, მიზანშეწონილია, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – პირველ ჯერზე სანქციის სახით იწვევდეს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 500 ლარიან ჯარიმას.
გასათვალისწინებელია, რომ ქართულ ბაზარზე მოქმედი 12 000 მაღაზიიდან 7 500-მდე მცირე მაღაზიაა, რომელთა წლიური წმინდა მოგება არ აღემატება რამდენიმე ათას ლარს. შესაბამისად, მათთვის სანქციის სახით 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ სანქციას და მისი პრაქტიკაში გამოყენება გამოიწვევს მაღაზიების პარალიზებას, ვინაიდან ისინი არსებული შემოსავლის პირობებში ვერ შეძლებენ ამ ოდენობის ჯარიმის გადახდას.
ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ობიექტის გარედან ხილვადად განლაგების ამკრძალავი რეგულაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ახალია და შესაძლებელია აღნიშნული სამართალდარღვევა მცირე მაღაზიების მიერ ჩადენილი იქნეს რაიმე განზრახვის გარეშე, შეცდომით/არცოდნით,“-აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს მაღაზიათა ასოციაციის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობას და მისი მხარდაჭერის საჭიროებას.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეს მოქმედი ნორმით თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, – იწვევს 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 4 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.