კომპანიები, რომლებსაც 2017 წელს საინვესტიციო ვალდებულება გადაუვადდა

2017 წელს მთავრობამ საინვესტიციო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადა.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები სწორედ გასულ წელს შევიდა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც გასულ წელს საინვესტიციო ვალდებულება გადაუვადდა, შპს „აკვასითია“, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან გადაცემულ უძრავ ქონებაზე, აკვაპარკი და არანაკლებ 60- ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. კომპანიას აკვაპარკის პროექტზე - 500 000 ლარის; ხოლო სასტუმროს მშენებლობაზე 1 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ცნობისთვის, „აკვასითის“ 80%-იან წილს რუსეთის მოქალაქე აკაკი სულხანიშვილი; 20%-იან წილს კი დიმიტრი გელაშვილი ფლობს.

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც მთავრობამ წინა წელს ვალდებულება გადაუვადა, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს ეკუთვნის. კერძოდ, საუბარია, შპს „აღობილზე“, რომელსაც არანაკლებ 100- ნომრიანი დასასვენებელი ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 7 მლნ ლარია და ცვლილებების შედეგად, ინვესტიციის განხორციელების ვადა კომპანიას 2020 წლის მაისამდე გაუგრძელდა.

სხვა კომპანიებს რაც შეეხება, მთავრობამ 2017 წელს საინვესტიციო ვალდებულება გადაუვადა ასევე: შპს "ზარიძეს"; შპს „ხორცპროდუქტების ქარხანას - ვაკე“; შპს „ნიუ პლასტიკ ჯის"; შპს „იტონგ კავკასუსს“; შპს „მედ პროჯექტს“; შპს GLOBAL DEFFENSE GROUP-ს; შპს „სიტი ემს“; შპს "აისს"; შპს „ლიტ ჯეო ინვესტსა“ და შპს „საბურთალო პალასს“.