„ამერიკასთან ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოო შეთანხმებას 90 დღის ვადაში მივაღწევთ“- ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის ფინანსთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ თავს „ტარიფების კაცი“ უწოდა. თეთრი სახლის ლიდერმა ჩინეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი გადასახადები დაწესდეს.
„პრეზიდენტ სი ძინ პინს და მე გვინდა, რომ ეს შეთანხმება შედგეს. თუმცა, თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ მე ტარიფების კაცი ვარ“, - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ტრამპს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა სურს. ამ საკითხზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებშიც იმსჯელეს და მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თუ შტატები და ჩინეთი ვერ მიაღწევენ შედეგს მომდევნო 90 დღის განმავლობაში, ტრამპი იტოვებს უფლებას, გაზარდოს ტარიფები 25%-მდე.