„რეზონანსი" - აზარტული თამაშების რეკლამა თითქმის ყველგან იკრძალება

პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე მსჯელობს.

კანონპროექტი, რომელიც რელიგიურ, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან 200 მეტრში რეკლამირებას კრძალავს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, პირველადი ჯარიმა 10 000 ლარია, ხოლო განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ოდენობაა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე განიხილეს „რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში. განხილვის პირველ ეტაპზე, ზემოთ აღნიშნული დაწესებულებებიდან 100 მეტრის რადიუსში იკრძალებოდა გარე რეკლამის განთავსება, ახლა კი ეს მანძილი 200 მეტრამდე გაიზარდა.

ასევე, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულისას - 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ყოველ 1 თვეში.

აზარტული თამაშების აკრძალვა დღის წესრიგში „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უკვე მეორედ დადგა. პირველად ინიციატივა კობა დავითაშვილს ეკუთვნოდა. მაშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა ინიციატივა იქვე გაიყინა, ბოლოს კი მოიხსნა კიდეც.

„რეზონანსი" დაინტერესდა, თუ რამდენად შეამცირებს ინიციატივა სარეკლამო ბაზარს, რომლის სოლიდური წილია როგორც ინტერნეტში, ისევე ტელე, რადიო და ბეჭდურ მედიაშიც.

პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ კუთხით ორი ძირითადი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, სარეკლამო ბაზარი, სადაც დიდი წილი აზარტული თამაშების ბიზნესს უჭირავს, მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში ეს ნიშა თავისუფალი არ დარჩება და მოხდება ის, რაც ევროპის ყველა ქვეყანაში მოხდა. მათ ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს და არც სარეკლამო ბაზარი ჩამოშლილა.

„დროთა განმავლობაში სარეკლამო კომპანიები და მედიასაშუალებები იპოვიან ახალ დამკვეთს. აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია, მას კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა დარგის კომპანიები და სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თუნდაც ბილბორდების უმრავლესობაც სწორედ ამ ტიპის რეკლამას უკავია.

შეიძლება ითქვას, სარეკლამო ბაზარი, ერთ მხრივ, კარგავს დიდ დამკვეთს, მეორე მხრივ კი იძენს შესაძლებლობას, ეძებოს და განავითაროს ახალი ნიშა", - აცხადებს პირმისაშვილი.

„რეზონანსი" მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა კომენტარის მოპოვებას კანონპროექტის ინიციატორებისაგან. დავინტერესდით იმითაც, თუ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივაში რამდენად არის გათვალისწინებული, მაგალითად, „შანგრილა", რომელსაც ირგვლივ სამი რელიგიური დაწესებულება აკრავს. როგორც ჩანს, „ოცნების" ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი – კომუნიკაციის პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება და არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, პარლამენტარებს, პრესისათვის პასუხის გაცემა სავალდებულოდ აღარ მიაჩნიათ, მით უფრო, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც „შორია". უმრავლესობის დეპუტატები კითხვებს იმ საკითხზეც კი არ პასუხობენ, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, მისასალმებელი ინიციატივაა.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"