საქართველოში კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

კონკურენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, სასტუმრო თბილისი მარიოტში, სემინარი თემაზე - „ევროკავშირის მხარდაჭერა კონკურენციის სფეროში“ გამართა.ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

„კონკურენციის საერთაშორისო დღეს საქართველო უკვე მეორე წელია უერთდება, რომელიც 5 დეკემბერს 30-ზე მეტ ქვეყანაში 2010 წლიდან აღინიშნება და დაკავშირებულია ბიზნესის შემზღუდველი პრაქტიკის კონტროლთან, გაერთიანებული ერების მრავალმხრივ პრინციპებსა და წესებთან. გილოცავთ კონკურენციის საერთაშორისო დღეს ყველას, კოლეგებს, თანამშრომლებს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს, სემინარზე მოწვეულ სტუმრებს - ბიზნესის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ თუ როგორ შეიძლება კონკურენციის გაძლიერებამ და ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპების გაზიარებამ ხელი შეუწყოს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და წაახალისოს თანამშრომლობა ევროპულ და ქართულ კომპანიებს შორის. განვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან დაახლოების მიმდინარე პროცესებს. თუ რა სარგებელი მოაქვს კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას ბიზნეს გარემოსთვის და ა.შ. სამართლიანი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება და დაცვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის, ეფექტიანობის ამაღლებისა და ყველა დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობა მიმართულია თავისუფალი, ჯანსაღი კონკურენციის დაცვისკენ და ხელშეწყობისკენ“, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა.

სემინარზე პრეზენტაციებით წარსდგნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: დანიელ კოლგანი - წამყვანი ექსპერტი სამართლის დარგში და დიანა მარკოვიჩ ბაიალოვიჩი, წამყვანი ექსპერტი კონკურენციის დარგში. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და სხვა თანამშრომლებმა; ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა აურელიო ლა ტორემ, ბიზნესის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა პირებმა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებმა.

სემინარი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით განხორციელდა.