მადრიდში ელექტრო სკუტერები აიკრძალება

მადრიდის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, 72 საათში ქალაქის ქუჩებში აღარ უნდა იაროს ელექტრო სკუტერებმა. მიზეზად საზოგადოების უკმაყოფილება და ასეთ სკუტერთან შეჯახებისას, 90 წლის მოხუცის დაღუპვა სახელდება.

ქალაქის საბჭომ ელექტრო სკუტერების ოპერატორ სამ კომპანიას (ლაიმი, ვინდი და VOI) განუცხადა, რომ მათი აპლიკაციები არ შეესაბამება წესებს, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს, საველოსიპედო ბილიკებით და ერთზოლიანი ბილიკებით ზღუდავს, სადაც მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრია.

„მათ დრო მივეცით იმისთვის, რომ თუ ოპერირებას გააგრძელებენ, ზოგი რამ უნდა შეცვალონ, მათ შორის, არ იმოძრაონ ხალხმრავალ ადგილებში და მხოლოდ იმ გზებზე იარონ, სადაც შესაბამისი ნებართვა არსებობს“, - ამბობს მადრიდის საქალაქო გარემოს და მობილურობის კოორდინატორი ინეს საბანესი.

მადრიდი პირველი ქალაქი არაა, სადაც ელექტრო სკუტერების გადაადგილებას ზღუდავენ. მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგეს აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, ლოს ანჯელესში კი მათი გადაადგილება ქალაქის ხალხმრავალ უბნებშია აკრძალული.

ამ სამმა კომპანიამ მადრიდში ოპერირება მანამ დაიწყო, სანამ შესაბამისი რეგულაციები ამოქმედდებოდა. მათ შორის პირველი „ლაიმი“ იყო, რომელმაც მუშაობა ზაფხულში დაიწყო. სამივე ისევ შეძლებს ოპერირებას მას შემდეგ, რაც რეგულაციების შესაბამისად შეცვლინ აპლიკაციებს. ოღონდ, მათ ლიცენზიის თავიდან აღება მოუწევთ. ამ ყველაფრის ფონზე, ქალაქის საბჭოს კიდევ რამდენიმე კომპანიის განაცხადი აქვს განსახილველი.

მადრიდის პოლიციის ინფორმაციით, ზაფხულის შემდეგ, რაც ქალაქში მოძრაობა ელექტრო სკუტერებმა დაიწყო, მათი მონაწილეობით სულ 22 ინციდენტი მოხდა. მათგან 8 შემთხვევაში, სკუტერი ფეხმავლებს დაეჯახა.