ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა ბიომეტრიული უსადენო ყურსასმენები დააპატენტა.უსადენო ყურსასმენები AirPods-ის ბიომეტრიული ვერსიაა, რომლებსაც ამავდროულად შეუძლიათ მომხმარებლის ორგანიზმის ტემპერატურის გაზომვა. ამის შესახებ The Verge იუწყება.
ვებ-პორტალის ინფორმაციით, ყურსასმენები, რომელზეც კომპანიამ მიიღო პატენტი, იქნება უნივერსალური და ერგება როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ყურს. ისინი აღიჭურვება სპეციალური ბიომეტრიული სენსორებით, რომლებიც მომხმარებლის სხეულის ტემპერატურას და პულსს გაზომავენ.
გარდა ამისა, ყურსასმენი თავად განსაზღვრავს, რომელ ყურშია მოთავსებული და შესაბამისად ააწყობს სტერეო ჟღერადობას.
1976 წელს დაარსებული კომპანია Apple დღეისათვის აწარმოებს სმარტფონებს iPhone, პლანშეტებს iPad, ნოუთბუქს MacBook, პერსონალურ კომპიუტერებს iMac, მუსიკალურ მოსასმენ აპარატს iPod, ჭკვიან საათებს Apple Watch და სხვა ტექნიკას. კომპანია, რომლის სათაო ოფისი კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა მსოფლიოში. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ მიმდინარე წელს ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და პირველი კომპანია გახდა მსოფლიოში, რომელმაც ეს მოახერხა.
კოკა კვირკველია