აქციზიდან მისაღები შემოსავლის გეგმა შესაძლოა, ვერ შესრულდეს

2017 წლის ბიუჯეტისგან განსხვავებით, წელს აქციზიდან მისაღები შემოსავლის გეგმა შესაძლოა, ვერ შესრულდეს.

როგორც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 420.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 30 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის დამკტიცებულ გეგმასთან შედარებით. ცნობისათვის, 2017 წელს აქციზიდან შემოსავალმა გეგმას 15 მლნ ლარით გადააჭარბა.     

მთავრობამ პარლამენტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი უკვე გადაუგზავნა. წლის ბოლოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიზეზად კი მთავრობა „დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას და საგადასახადო შემოსავლებს ასახელებს.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 450.7 მლნ ლარით განისაზღვრა.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მათ შორის შემოსავლების გეგმა გაზრდილია 150.7 მლნ ლარით 10 464.9 მლნ ლარამდე.

რაც შეეხება კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებს, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 200 მლნ ლარით 9 690.0 მლნ ლარამდე. მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 850.0 მლნ ლარით;

მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 740.0 მლნ ლარით, რაც 110 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ მაჩვენებელს.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 450.0 მლნ ლარით, რაც 50 მლნ ლარით აღემატება 2018 წლის პირველად გეგმას;

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 420.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 30 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 70.0 მლნ ლარით, რაც 10 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ გეგმას;

რას შეეხება „სხვა გადასახადის“ საპროგნოზო მაჩვენებელს, არ იცვლება და განისაზღვრება 170.0 მლნ ლარით.