ქობულეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიგეგმა. როგორც ჩეხეთის საელჩოში გამართულ პრეზენტაციაზე, საინვესტიციო ჯგუფის „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა, გიორგი შერაზადიშვილმა განაცხადა, პროექტი 190 ჰექტარ მიწაზე მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს.
„პროექტი მოიცავს: მაღალი კლასის სასტუმროს, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სპა ცენტრს ევროპაში, აპარტამენტებს, ვილებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, გოლფის მოედანს, ველობილიკებს და საბავშვო მოედნებს. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრისა და მრავალი ტიპის კვების ობიექტების მშენებლობაც“, - განაცხადა შერაზადიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტში გათვალისწინებულია ენერგო ეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენება.
„ტერიტორია აღჭურვილი იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები და მზის ენერგიის პანელები“, - აღნიშნა „ლ&რ კომპანის“ დირექტორმა.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ირი პრეცლიკის თქმით, საქართველოში ბოლო დროს ჩეხური ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა.
„ახლა კი ჩეხური კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს ქობულეთში. ეს ინვესტიცია მოიცავს გოლფ-კლუბს, სპას და სხვა სარეკრეაციო მიმართულებებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ როგორც საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა პრეცლიკმა.
მისივე აღნიშვნით, პროექტი სარგებელს მოუტანს როგორც ქართულ, ასევე ჩეხურ მხარესაც.
(R)